საქართველოს ნაკრები სტუმრად იტალიასთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები ბრეშაში იტალიასთან 84:91 დამარცხდა.

შენგელიას ტრავმის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდის სხვა წამყვანი კალათბურთელებისგან უფრო შედეგიანი თამაშის მოლოდინში ვიყავით. თუმცა, თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ მოკლე სათადარიგოთა სკამის გათვალისწინებით კაპიტნის გამოკლება, მით უმეტეს ასეთ მეტოქესთან და თანაც გასვლაზე, აუნაზღაურებელ დანაკლისს წარმოადგენდა და გამარჯვების შანსები შეგვიმცირდა. თორნიკემ შეხვედრის დაწყების წინ თანაგუნდელებს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ, მეტოქეს უნდა ენერვიულა, ვინაიდან სახლში წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ ერთმანეთისათვის იბრძოლებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეტადრე დაცვაში კარგად მოქმედება სჭირდებოდათ.

ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ცინცაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე, შერმადინი. დებიუტში 7:0 გავიჭერით წინ და ვიზავის მწვრთნელმა უმალ წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც ანგარიში გაათანაბრეს, მერე წინ გავიდნენ, ძალიან ლამაზი და საინტერესო თამაში წავიდა და პირველი მეოთხედი 19:25 დავთმეთ.

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით დაიწყო, თუმცა იტალიამ ისევ მოახერხა დაწინაურება, მოხსნებში გვჯაბნიდნენ, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ და პირველი ტაიმი 43:38 დასრულდა.

გასაოცარი ფაქტია, ჩვენმა გუნდმა დიდი შესვენების შემდეგაც მოახერხა გაქცევა, თან 12 ქულით. ჩინებულად ირჯებოდა ბითაძე. სამწუხაროდ, მეოთხე პერსონალური მიიღო მამუკელაშვილმა და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა. შემდეგ კვლავ შეძლეს მასპინძლებმა წინ გაჭრა, ნერვების თამაში და ქულა ქულაში წავიდა და მესამე მეოთხედი 66:66 დასრულდა.

დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში მოწინააღმდეგის ლიდერმა გალინარიმ ტრავმა მიიღო, დარბაზი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა, იტალიელებმა ოთხი სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაკფადენმა ზედიზედ ორი სამიანით უპასუხა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, საბოლოოდ მაინც წავაგეთ.

ბითაძემ 19 ქულა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), მაკფადენმა 16, შერმადინმა 12, სანაძემ 11, ცინცაძემ 8 (11 პასი), მამუკელაშვილმა 8, ჯინჭარაძემ 5, ბურჯანაძემ 3, ბექაურმა კი 2. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 21 ქულით ფონტეკიო გახდა და MVP-ც სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით. გალინარიმ 17 ქულა მიითვალა, სპისუმ 15, მელიმ 12, ხოლო დატომემ 9.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე 1-ელ სექტემბერს თბილისში ბელგიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ძალიან მაგარი თამაში ვითამაშეთ, არ დაგავიწყდეთ როგორი ძლიერი შემადგენლობით იყო იტალია. ფაქტიურად ყველა კალათბურთელი ყავდა და კინაღამ მოვუგეთ, რომ არა მსაჯების აშკარა სიმპათია მათ მიმართ.
გელა
12:33 28-08-2022
0
ბექაური მეტად უნდა ათამაშოს მაგარი ბიჭია
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული