საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოკივანაში პირველი ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა მონაწილეზე ადრე ჩავიდა, პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა თავის ასისტენტებთან – მანუჩარ მარკოიშვილთან და ანატოლი ბოისასთან ერთად ნაკრების წევრები ოკინავას გიმნაზიის დარბაზში ავარჯიშა, რასაც წინ სატრენაჟორო დარბაზში ფიტნეს-მოთელვები უძღოდა.

ოფიციალური ვარჯიშები ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე იწყება, მანამდე ჩასულ ნაკრებებს კი ვარჯიში სხვა დარბაზში უწევს. სათადარიგო დარბაზად ოკინავა არენიდან 5 წუთის სავალ გზაზე მდებარე ოკინავას გიმნაზიის დარბაზი შეირჩა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა დღეს პირველად ივარჯიშა. სანამ გიმნაზიის დარბაზში შევიდოდა, საქართველოს
ნაკრებმა ოკინავა არენაზე სატრენაჟორო დარბაზით ისარგებლა. ოფიციალური განრიგიც ასეთია: გუნდებს ჯერ ფიტნეს, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივი, საკალათბურთო ვარჯიშები აქვთ.

ოკინავა არენის სატრენაჟოროში ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა, ირაკლი შიოშვილმა კალათბურთელებს მოთელვითი ვარჯიშები გააკეთებინა. კალათბურთელთა ნაწილმა ჰანტელებითაც ივარჯიშა და რამდენიმე მათგანმა – თორნიკე შენგელიამ და გიორგი ტურძილაძემ 92-კილოიანი ჰანტელებით (46-46) აზიდვები გააკეთეს.

სატრენაჟორო დარბაზში 45-წუთიანი ვარჯიშების შემდეგ კალათბურთის ჯერი დადგა. გიმნაზიის დარბაზში მისულ ქართველ მოთამაშეებს სიურპრიზი დახვდათ: ოკინავას ორი სკოლის – კოზას და გოეკუს მოსწავლეთა მხარდასაჭერი ტრანსპარანტები, სადაც იაპონურთან ერთად ოკინაველი ბავშვები ჩვენს ბიჭებს ქართულად ესალმებიან და მომავალ მატჩებზე დასწრებას და მხურვალე ქომაგობას ჰპირდებიან. ეს გახლავთ ერთგვარი გაცვლითი პროგრამა, რომელშიც იაპონელებმა ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს შესთავაზეს და რომლის მიხედვითაც ოკინავაში ჩასულ ყველა ნაკრებს ეყოლება საკუთარი ქომაგები ქალაქის სკოლების მიხედვით. ამ სკოლის ბავშვები წინასწარ სწავლობენ იმ ქვეყნის ნაკრების ენასა და კულტურას, რომელსაც უნდა უქომაგონ. ბავშვები ასევე დაესწრებიან საკუთარი საქომაგო გუნდის ვარჯიშს და ექნებათ მოთამაშეებთან ინტერაქცია. საქართველოს ნაკრების წევრებს იაპონელ ბავშვებთან შეხვედრა 21 აგვისტოს ელით.

ოკინავაში ჩატარებულმა პირველმა ვარჯიშმა თითქმის 2 საათს გასტანა. მოთამაშეებთან ერთად დაიღალნენ მწვრთნელებიც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვარჯიშებში. ძირითადი აქცენტი იმ კომბინაციების დამუშავებაზე გაკეთდა, რომლებსაც კონკრეტულად კაბო ვერდესთან თამაშში გამოიყენებენ. თბილისიდან ოკინავამდე მგზავრობით გამოწვეული სტრესი თითქმის დაძლეულია – ნაკრების ყველა კალათბურთელი მწყობრშია და მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სრული მობილიზებით ემზადება.

ანალოგიური იქნება ნაკრების ხვალინდელი განრიგიც: ილიას ზუროსის გუნდი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იმუშავებს, რა დროსაც თბილისში 12:00 საათი იქნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველად ჩასვლა იმედია პირველად წამოსვლას არ გამოიწვევს.დდდ
გფფ
08:58 20-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული