ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, 13 თებერვალს დაიწყო, დღეს კი სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ჯიკიჩი სასტუმრო “ქორთიართ თბილისში” მასმედიას წარუდგინეს. ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და გენერალურმა მდივანმა ლაშა გამყრელიძემ წარადგინეს.

ჯიკიჩის მისასალმებელი სიტყვა ლაკონიური და საქმიანი იყო: “დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა თქვენგანს იმ დიდი ინტერესისთვის, რომელიც გამოიჩინეთ და მობრძანდით. ეს დასაფასებელია. მე აქ ვარ, თქვენ წინაშე და მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას, რაც ჩვენს ნაკრებს უკავშირდება”.

ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა
ჟურნალისტების კითხვებს შემდეგნაირად უპასუხა…

. ჩვენი მიზანი ევრობასკეტი 2025-ზე მოხვედრაა, ხოლო რაც შეეხება ზაფხულში გასამართ ოლიმპიადის შესარჩევს, დაპირებები არ მიყვარს. არც წინასწარმეტყველი ვარ. კალათბურთელებისგან ერთს ვითხოვ – მოედანზე ყველაფერი ჩადონ გამარჯვებისთვის.
. მოახლოებული მატჩების წინ ჩემი გუნდის მდგომარეობა მაღელვებს. ტრავმირებულები არიან დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი. დღევანდელი მონაცემებით, მათ დანიაში მოედანზე გამოსვლა გაუჭირდებათ, თუმცა ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ და წარმატებით გამოვიდეთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან დანიის მხოლოდ გაფართოებული შემადგენლობა ვიცით. ვინ ითამაშებს უშუალოდ 23-ში, ჯერ უცნობია. სერბეთის ნაკრებში ევროლიგის კალათბურთელები იქნებიან. ძლიერი გუნდია. ევროლიგასა და ფიბას შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ყველაზე მეტი სარგებელი სერბეთის ნაკრებს მისცა – გუნდში ევროპაში მოასპარეზე ყველა წამყვანი კალათბურთელი ითამაშებს.
. ლეგიონერების გამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. გავიარე კონსულტაციები მწვრთნელებთან და ასე შევარჩიე გაფართოებული შემადგენლობა. თუ რომელიმე კალათბურთელი თამაშით დაამტკიცებს, რომ მე შევცდი და ნაკრებში თამაშს იმსახურებს, მას აუცილებლად მოვიწვევთ.
. განაცხადს მიღმა მყოფი 4 ახალგაზრდა კალათბურთელი: გიგი ნაცვლიშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ალავიძე და ავთანდილ ბახტაძე, შეკრებაზე იქნება. ეს ჩემი მოთხოვნით მოხდა. წინ ვიყურებით”.
. 2 ივლისამდე, ოლიმპიადის შესარჩევამდე, ყველაფერი გაწერილია. თებერვლის მატჩების მერე ამერიკაში გავემგზავრები, შევხვდები გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს, ასევე - კოლეჯთა ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელებს.

ეროვნული ნაკრების ახალ ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელზე, ჯო ტომასონზე, ფედერაციი პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა…

. ნატურალიზებული კალათბურთელის შერჩევა ყოველთვის რთული პროცესია. ვფიქრობ, საბოლოოდ ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ. ჯო ტომასონის მაღალ კლასზე ისიც მიუთითებს, რომ ის ახლახან ევროლიგის "მაკაბიში" გადავიდა. სწორედ ამიტომ არ არის აქ ჯო. ის 12-ში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ გეგმები შეიცვალა. ტომასონი ნაკრებს 17 თებერვალს შეუერთდება და დანიასთან მატჩისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომლის პირველი ფანჯრის ფარგლებშიც, 23 თებერვალს დანიაში ითამაშებს, 26-ში კი თბილისში სერბეთს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორტის სასახლე რატომ არის გაჩერებული? სახელმწიფოსი აღარ არის?
ვერგავიგე
08:55 15-02-2024
0
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები რატომ არ თამაშობენ წამყვან საკალათბურთო ლიგებში??საბერძნეთში,ისრაელში,თურქეთში,იტალიაში,ესპანეთში??მათი ტოლები შენგელია,ფაჩულია,შერმადინი,ცქიტიშვილი უკვე თამაშობდნენ ესპანეთში,საბერძნეთში,თურქეთში!!!ასე შორს ვერ წავალთ,ძველი თაობა წავა და ახლები კი არავინ არ ჩანს!!!!
მარი
23:09 14-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული