საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის მე-2 შეხვედრას მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ სერბეთის ნაკრებთან გამართავს. პირველ ტურში საქართველომ დანიაში 69:75 წააგო, ხოლო სერბეთმა ბელგრადში ფინეთს 77:61 სძლია. ფინეთმა საკვალიფიკაციო ტურნირის ექვსივე შეხვედრა რომც წააგოს, მომავალ წელს მაინც ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია.

ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე ფინეთთან ერთად 2 საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად, საქართველოს, დანიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის საგზურს 2 საუკეთესო მიიღებს. ამის გათვალისწინებით, დანიაში დამარცხებულ ჩვენს ნაკრებს სერბეთთან მოგება ძალიან სჭირდება, თუმცა, სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, ფავორიტად სტუმრები
ითვლებიან.

ასე ითვლებოდა სერბეთი ფავორიტად 2020 წლის თებერვალში, წინა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, როცა საქართველომ ბელგრადში მასპინძლები დაამარცხა. მაშინ საქართველო იყო მომავალი ევრობასკეტის თანამასპინძელი და სატურნირო რეზულტატის მიუხედავად, ფინალურ ეტაპზე გასული იყო. საპასუხო მატჩში, 2021 წელს, სერბეთმა თბილისის ბაბლში (კორონავირუსის გამო) 92:66 იმარჯვა.

ამჯერად ორივე გუნდს საგზური მოსაპოვებელი აქვს და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. გუნდების დანაკლისს რაც შეეხება, როგორც იცით, ტრავმების გამო ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე და ლუკა ლიკლიკაძე. ასევე თავიდანვე ვიცოდით, რომ აშშ-დან ჩამოსვლას ვერ მოახერხებდნენ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ამავე მიზეზით სერბეთს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აკლია. ტრავმები აქვთ მილუტინოვსა და ტოპიჩს; ფიბას რეგულაციებიდან გამომდინარე, სერბებმა ვერ მოახერხეს ტრისტან ვუკჩევიჩის გამოძახება, იოვიჩს კი ოჯახში პრობლემები აქვს და მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონებს არ ეყოლებათ; სმაილაგიჩი და რადოვანოვიჩი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არიან.

26 თებერვალს საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე საბოლოოდ გავა გიორგი ცინცაძე, რომელსაც 20-წლიანი კარიერა ჰქონდა და სერბეთთან შეხვედრა მისთვის 217-ე იქნება. ამ შედეგით ცინცაძე აბსოლუტური რეკორდსმენია. 25 თებერვალს ორივე ნაკრებმა გენერალური ვარჯიში "თბილისი არენაზე" გამართა. მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები სერბეთთან მატჩისთვის 14 კალათბურთელით ემზადება. იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც მატჩის განაცხადში იქნებიან, მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი თამაშის დღეს დაასახელებს.

მატჩი "თბილისი არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. მასზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" გადასცემს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიფიქრე კაკუშაძე , ან როგავა ხო არ გამოგვაკლდნენმეთქი და გამისკდა გული )) კოლეჯთა ლიგებიდან რატომ არავის ვიძახებთ , დავიჯერო საქართველოს ა( ? ) ლიგა , ან თუნდაც სუპერ ლიგა უფრო მაღალი დონის გვაქვს ? მშვენივრად თამაშობენ იქ მეცხვარიუშვილი , მერკვილაძე , ცარციძე . მეტი არ მახსენდება . რამდენადაც ვიცი კოლეჯები არ ზღუდავენ ნაკრებში მონაწილეობას .
ტარიელი
14:09 26-02-2024
2
ოცნების ნაკრები აბა რა იქნება?!
ჯაბა კემლარია
17:03 26-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული