საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთში 15 კალათბურთელით შეიკრიბება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ფინეთში 10 კალათბურთელით მიემგზავრება, სადაც 4 მოთამაშე დახვდება, ხოლო კაპიტანი თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს თამაშის დღეს, 21 ნოემბერს შეუერთდება. ჰელსინკის დედაქალაქში წამსვლელი 10 მოთამაშე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დღეს, თბილისი არენაზე გამართული ვარჯიშის ბოლოს დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში. აღნიშნული მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე – 11 ნოემბრიდან დაიწყო, რადგან საზღვარგარეთ მყოფ კალათბურთელებს
შიდაჩემპიონატისა და ევროტურნირების თამაშები აქვთ და სანამ ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად არ გაიხსნება, ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდნენ.

11 ნოემბრიდან ვარჯიში 10-მა კალათბურთელმა დაიწყო, რომლებსაც 14-ში “ქუთაისის” კალათბურთელები შეუერთდნენ, რომლებმაც 13 ნოემბერს იმერულ კლუბში ფიბა ევროპის თასზე ითამაშეს. 14-ში შეუერთდა ნაკრებს ვეტერანი დუდა სანაძე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის გრაფიკი შეიცვალა და ის ფინეთში ნაკრებთან ერთად, 18 ნოემბერს ჩავა.

საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში ანდრონიკაშვილთან ერთად გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი დახვდებიან, რომლებმაც გუშინ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშეს. მოგეხსენებათ, ევროლიგის ორგანიზატორი ორგანიზაცია ულებ-ი ფიბა-ს კალენდარს არ უთანხმებს და 20-21 ნოემბერს ამ ევროტურნირის მატჩებია დაგეგმილი. შენგელიას გუნდი ვირტუსი 20 ნოემბერს ბოლონიაში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს და თორნიკე იმავე საღამოს ჰელსინკიში, ჩარტერული რეისით გაემგზავრება.

ფაქტობრივად მეორდება ის ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც წლინახევრის წინ გათამაშდა და რომლის გმირიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შენგელია იყო, როცა ბოლონიაში, თავისი კლუბის მაისურით ითამაშა და ჰოლანდიაში, საქართველოს ნაკრებთან შესაერთებლად დარბაზიდანვე, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მაშინდელი გამარჯვება ჰოლანდიასთან საკვანძო გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საქმეში.

თბილისიდან ჰელსინკიში ეროვნული ნაკრები ამ 10 მოთამაშით გაემგზავრება: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე. შესაბამისად, ჰელსინკიში თავს მოიყრის 15 კალათბურთელი, რომელთაგან თამაშის წინა დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან ჰელსინკიში ორშაბათს, დილის 11 საათზე, 10 კალათბურთელით გაემგზავრება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული