ისრაელი-საქართველო 91:104 - ერთი ომიც! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
"დიდი ხანია კალათბურთში ვარ და არ შემრცხვება, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეხვედრა მათ შორის, რაც მინახავს. ორივე გუნდმა მაღალი კლასი უჩვენა, სანახაობრივი მხარეც ძალიან მაღალი იყო და დარწმუნებული ვარ, ზოგადად თამაშის ხილვით გულშემატკივარმაც ისიამოვნა, რასაც ვერ ვიტყვით შედეგზე. შედეგი გამაწბილებელია", - ასეთი იყო ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ერეზ ედელშტაინის კომენტარი ისრაელი-საქართველოს მატჩის შემდეგ.

ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი, თუმცა სათქმელი კიდევ საკმარისადაა. ამ მოგებით ევრობასკეტის მერვედფინალს ძალიან მივუახლოვდით.

დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე იტალიას დავუპირისპირდებით. სხვათა შორის,
"სკაი სპორტის" იტალიელი ჟურნალისტი ისრაელი-საქართველოს მატჩის შემდეგ გახარებული მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა - თქვენი მოგებით იტალია მერვედფინალში გავიდაო. თუ "სკუადრა აძურასაც" ვაჯობეთ, ჩვენც პლეი-ოფში ვითამაშებთ. იტალიელების გამარჯვების შემთხვევაში კი, ისრაელის იმედად უნდა ვიყოთ და ვისურვოთ, უკრაინა დაამარცხოს, რომ სტამბოლში საქართველო წავიდეს და არა უკრაინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

პასუხიანი შეკითხვები
მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან ერთად ვისაუბრეთ დეტალებზე, რასაც შეეძლო მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დაესრულებინა ან - პირიქით.

შეკითხვა პირველი: შევაჩერებთ ისრაელის ნაკრების სწრაფ შეტევებს?

მოცემულობა: ჩვენს მეტოქეს ტანმაღალი ცენტრი არ ჰყავს, ფარზე მოთამაშეებიც ისეთივე მობილურები და სწრაფები არიან, როგორიც მსუბუქი ფორვარდები. მათ დავამატოთ უკანახაზელები და, ალბათ, გასაგებია, რატომაც გამოვიდა სწრაფი თამაში.

პასუხი: მაღალი ტემპი მართლაც იყო, მაგრამ ეპიზოდებში. საქართველოს ნაკრებმა იმდენი მოახერხა, რომ გადამწყვეტ მომენტში მეტოქეს არათუ ტემპის მომატების, ფართან მიახლოების საშუალება არ მისცა. ხოლო მასპინძლები პერიმეტრიდან ისედაც ვერ სტყორცნიდნენ (16-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდეს). ეს უმთავრესად საქართველოს ნაკრების აგრესიული დაცვის ბრალი იყო: განსაკუთრებით, მეოთხე პერიოდსა და ოვერტაიმში ქართველები დიქსონიანად ისრაელს მისსავე მოედანზე ავიწროებდნენ, არც მაღალ ტემპში თამაშის უფლებას აძლევდნენ და შეტევების ორგანიზებაშიც საკმარისად უშლიდნენ ხელს.

შეკითხვა მეორე: გამოვიყენებთ ჩვენს უპირატესობას სიმაღლესა და კლასში?

მოცემულობა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისრაელი ტანდაბალი გუნდია: 2 მეტრს გადაცილებული ხუთი კალათბურთელია, მათგან ყველაზე მაღალი, ჰოუელი 206 სმ სიმაღლისაა. კარგია (გერმანიასთან 36 ქულა ჩააგდო), მაგრამ ნომინალური ცენტრი არც ის არის. ჩვენ კი გვყავს NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია და ესპანეთის საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი.

პასუხი: გამოვიყენეთ! ასე არც ერთ მატჩში არ გამოგვიყენებია ჩვენი უპირატესობა სიმაღლეში. ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ერთობლივად 30-ჯერ მოხსნეს ბურთი, ამ კომპონენტში მასპინძლებს 50:22 ვაჯობეთ.

"აქცენტი თავიდანვე ფარქვეშიდან შეტევაზე გავაკეთეთ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი კლასის წინახაზელები გვყავს, მეორეც - როდესაც ფარქვეშიდან უტევ, მეტოქეს მოედნის ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე საკუთარი პერიმეტრიდან ჩვენს კალათამდე. ძალიან კარგად იშრომეს შენგელიამ, ფაჩულიამ და შერმადინმა", - აღნიშნა ნამატჩევს ილიას ზუროსმა.

შეკითხვა მესამე: მსაჯებსაც ვაჯობებთ?

მოცემულობა: ისრაელი-გერმანიის მატჩში მსაჯობა ძალიან დაბალი ხარისხისა იყო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ევრობასკეტი ევროლიგისა და ევროთასის არბიტრების გარეშე იმართება, ევროპის საუკეთესო 60 მსაჯის გარეშე. თუმცა მხოლოდ ხარისხი რომ ყოფილიყო დასაწუნი, ვინ ჩივის - შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსაჯებმა მასპინძლებს აშკარად მოაგებინეს. გუშინ ერთმა ადგილობრივმა, გამოცდილმა ჟურნალისტმა მითხრა - გერმანელების ადგილას ქართველები რომ ყოფილიყვნენ, მაგდენს ვერ მოითმენდნენ, თქვენი ხასიათი კარგად ვიციო.

პასუხი: მსაჯები მასპინძლებს ისე აშკარად არ მიმხრობიან, როგორც გერმანიასთან მატჩში. როგორც ჩანს, ბოლო წამებისთვის ინახავდნენ: ძირითად დროში უკანასკნელი შეტევისას ზაზა ფაჩულიას ორი მასპინძელი აუხტა, ჯერ ხელში ჩაარტყა, შემდეგ ზედ დაახტა, მაგრამ მსაჯებმა სასტვენი "გადაყლაპეს". ალბათ, ეიმედებოდათ, რომ ოვერტაიმში ისრაელი გაგვტეხდა. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - მაიკლ დიქსონმა დამატებით დროშიც ძალიან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ძირითადი დროის ბოლოს, 12 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი სამიანით 2 ქულით დაგვაწინაურა - 89:87. დარჩენილ დროში ომრი კასპიმ ორქულიანით გაათანაბრა და... სწორედ ამის შემდეგ იყო ზაზა ფაჩულიას შეტევა, მეტოქის მთელი გუნდი ზედ რომ დაეცა...

შეკითხვა მეოთხე: შევუტევთ პერიმეტრიდან?

მოცემულობა: გერმანიასთან 10-დან 3 სამქულიანი გამოვიყენეთ. ორივე ძალიან დაბალი რიცხვია. სამქულიანების გარეშე შესაძლოა, მხოლოდ ალბანეთს მოუგო, ევრობასკეტზე კი ასეთი რამ წარმოუდგენელია.

პასუხი: ისრაელთან საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე ყველაზე მეტი - 23 სამიანი სტყორცნა და 9 ჩააგდო. რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში პერიმეტრიდან მაღალი პროცენტული სიზუსტით ვისროლეთ.

ბილეთები იყო...
2010 წელს საქართველო-ბელგიის მატჩზე სპორტის სასახლეში დასასწრები ყველა ბილეთი ერთი დღით ადრე გაიყიდა. წარმოიდგინეთ, ევრობასკეტი საქართველოში რომ იმართებოდეს, რამდენი დღით ადრე გაიყიდებოდა საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთები...

თელ-ავივში კი მხოლოდ დარბაზის გარშემო იგრძნობა, რომ ქალაქში ასეთი მასშტაბური ღონისძიება იმართება.

გუშინ დავინტერესდი, საქართველო-ისრაელის გადამწყვეტ მატჩზე (ორივე გუნდისთვის) თუ იყო დარჩენილი ბილეთები. ორი საათით ადრე მივედი სალაროებთან და დამამშვიდეს - კიდევ არის, ნუ ნერვიულობო.

ყველაზე იაფიანი 95 შეკელი ღირდა - 27 დოლარი.

ისრაელშიც ქართულად სცოდნიათ, ხალხი ბოლო მომენტში მიაწყდა "თელ-ავივ არენას", მაგრამ 12-ათასიანი დარბაზი მაინც ვერ გაივსო. უნდა დავწეროთ, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს. ერთმანეთს საინტერესოდ ენაცვლებოდა შეძახილები "ელ-ელ ისრაელ!" და "სა-ქარ-თვე-ლო!"

ევრობასკეტი 2017. B ჯგუფი. IV მატჩი
5 სექტემბერი, თელ-ავივი, 9046 მაყურებელი
ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 2:15

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
VALIDOLI (AN MRGVALI DOLI) MOVIMARAGOT!
DATO
18:24 06-09-2017
0
მოვიგეთ და ყველას გილოცავთ, გავიხარე ძალიან - ეს უკვე თამაში იყო გერმანია უკრაინისგან განსხვავებით, მაგრამ . . .

1. ცინცაზე გუშინ პრობლემა იყო და საერთოდ გამთამაშებლად დიქსონი უფრო ეფექტურია ვიდრე შენელებული ცინცაძე.
2. კონცენტრაცია ბევრჯერ დავკარგეთ და 10 ქულაზეც კი გავუშვით წინ მეტოქე.
3. ბურთს ვერ ვუფრთხილდებით, ვკარგავთ ან პასი პირდაპირ მეტოქეს, ან კალათზე გადაგდებული სროლით ვიშორებთ და ზოგჯერ ვერც შემოგვაქვს.
4. ზაზამ უკვე მე-4-ე გარბენი გააკეთა რაც ძალიან გასაკვირია.
5. სათამაშო დისციპლინა ძალიან დაბალია - ამიტომ ვერ გავედით წინ მთელი თამაში და ტექნიკური ჯარიმებიც ამის დადასტურებაა (ზუროსსაც ვგულისხმობ).
6. ბოლო შეტევის გამოყენება არ ვიცით 10,15 თუ თუნდაც 20 წამი იყოს დარჩენილი. ბურთის გათამაშება გვიჭირს და 24 წამის ამოწურვის ზღვარზე ვართ ხშირად ან ვერც ვასწრებთ.
7. დაცვაში არასწორი განლაგება - ხშირად სანაძე 3 წამიანში და შერმადინი პერიმეტრზე.
8. სწრაფი შეტევა მონახაზში საერთოდ არ გვაქვს.
8. ზუროსის შეცვლები ხშირად გაუგებარია - ბერიშვილი და ლონდარიძე ერთად ?!
9. ინდივიდუალისზმის ხარჯზე უფრო მიგვდის თამაში და არა გუნდური გამართული ტაქტიკით. ჩემი პირადი აზრით თამაშის ბოლოს დიქსონს საერთოდ არ უნდა ესროლა სამქულიანი (თუ არ ჩავარდებოდა უშანსოდ ვრჩებოდით), 3 წამიანიდან უნდა შეგვეტია - ან სასროლი ჯარიმა ან 2 ქულა, შეტევის დრო აღარ რჩებოდა ისრაელს.
8. ყველა ჩვენი მოგება იყო ბრძოლაში, როცა ფორტუნაც ჩვენს მხარეს იყო, დამაჯერებლად არცერთი გამარჯვება მოგვიპოვებია - შესაბამისად ეს ჩვენი თამაშის მაქსიმუმია.

და ბოლოს ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ ამიხსნია გერმანია-უკრაინისთან გაბითურება - მარტივად იყო ორივე მოსაგები და ახლა 1-სთვის უნდა გვებრძოლა და არა მე-4 საგზურისთვის. მაგრამ მიაწექით ბიჭებო, კიდევ ერთი ნერვიულობა დაგვამთავრებინეთ ოვაციებით.


0

სიახლეები პოპულარული