ავტორია ზეკ ბრაზილერი. გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:
"გასულ სეზონთან შედარებით, "სეტონ ჰოლს" უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და კოლეჯების ლიგის უმაღლეს დივიზიონში მაღალ მიზნებსაც ისახავს.
შარშან "სეტონ ჰოლ პირატსის" წინა ხაზი ეფექტური იყო. ანხელ დელგადო, ისმაელ სანოგო და მაიკლ ნზეი ერთი ტიპის მეფარეები არიან - ძლიერი დამცველები, მომხსნელები და ფარქვეშიდან ჩამგდებები. მათი მოედანზე ყოფნით "პირატების" წინა ხაზი იოლად პროგნოზირებადი იყო.
აი, სად იყო საჭირო სანდრო მამუკელაშვილი. იგი მრავალმხრივად
- სანდრო მამუკელაშვილი 180 გრადუსით განსხვავებულია სხვა კალათბურთელებისგან, - ამბობს ვილარდი.
სანოგოსა და ნზეის გასულ სეზონში მწვრთნელი შორიდან ტყორცნას სთხოვდა. იყო სიტუაციები, გუნდს წინახაზელებისგან საშუალო სროლები სჭირდებოდა. ამ სეზონში ამის საჭიროება აღარ იქნება, რადგან "სეტონ ჰოლში" მამუკელაშვილი მივიდა.
- სანდროს დამატებით მეტოქეთათვის კიდევ უფრო საშიშები გავხდით, - ამბობს სანოგო.
მამუკელაშვილმა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკიდანაა, პირველივე ვარჯიშზე მოხიბლა მთავარი მწვრთნელი და თანაგუნდელები. ერთი წვრთნაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გუნდის ხელმძღვანელობას დაენახა - მამუკელაშვილს "სეტონ ჰოლისთვის" დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
იგი ვარჯიშებზე კარგად ეთამაშება სანოგოს, ნზეისა და დელგადოს, "ბოსტონის კოლეჯთან" საკონტროლო მატჩშიც დადებითად წარმოაჩინა თავი.
- სათამაშო დრო საკმარისზე მეტი ექნება, - ესეც მწვრთნელის, კევინ ვილარდის სიტყვებია.
სანდრო ამერიკაში ორი წლის წინათ ჩამოვიდა. სურდა, მიეღო განათლება და ეთამაშა კოლეჯების ლიგაში. მისთვის სამშობლოს დატოვება და ცალკე ცხოვრება რთული არ აღმოჩნდა - 14 წლიდან იტალიაში ცხოვრობდა, კალათბურთსაც თამაშობდა და სკოლაშიც იქ დადიოდა.
იტალიიდან ქართველი ფორვარდი "მონვერდეს" "ჰაი სქულში" გადავიდა და ვიდრე "სატონ ჰოლს" შეუერთდებოდა, ფლორიდაზე ცხოვრობდა.
მას სხვადასხვა კარგი კოლეჯი ეპატიჟებოდა: "სამხრეთი კაროლინა", "ვანდერბილთი", USC... თუმცა არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია - "სეტონ ჰოლი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მიიწვია.
გარდა ამისა, მამუკელაშვილის ყოფილი გუნდის თავკაცი კევინ ბოილი ძალიან ახლოსაა "სეტონ ჰოლის" სამწვრთნელო შტაბთან და იცოდა, სადაც უშვებდა თავის შეგირდს. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სანდრომ ნიუ-იორკის გუნდი აარჩია: მისი ძმა ძალიან ახლოს სწავლობს "სეტონ ჰოლის" კოლეჯთან, დეიდამისი, ეთერი კი მანჰეტენზე ცხოვრობს.
- ადამიანს ყოველთვის სჭირდება ახლობელი, რომელსაც თავის ცხოვრებაზე, პრობლემებზე დაელაპარაკება, - ამბობს სანდრო.
მამუკელაშვილი ასევე დაინტერესდა იდეით, რომ ეთამაშა ვეტერანებით (კოლეჯების ბოლოკურსელებით) გაჯერებულ გუნდში, სადაც მათგან ბევრს ისწავლიდა და გამოცდილებას დააგროვებდა.
ეს კალათბურთელები კი იმის გარანტიაა, რომ გუნდი "მარტის სიგიჟეში" ითამაშებს. საუკეთესო კოლეჯების საჩემპიონო ბრძოლებში მონაწილეობა ხომ ყველა ახალგაზრდა კალათბურთელის ოცნებაა.
სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას იძენს შეკითხვა: შეძლებს მამუკელაშვილი გუნდთან ისე კარგად მორგებას, როგორც მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ჰგონიათ? ყველა ახალბედას ხომ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის.
- იმ ლიგაში, სადაც "სეტონ ჰოლი" თამაშობს, ტემპიც გაცილებით მაღალია, ოპონენტებიც უფრო ძლიერები არიან, სწრაფები და გონივრები. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მაყურებლის სტატუსით არ მისულა...
ვფიქრობ, შემიძლია გუნდის თამაშს მრავალფეროვნება შევმატო. ახალი სეზონისთვის უკვე მზად ვარ. კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. აქ ივნისიდან ვარ, ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ. უკვე ვიცი, რა ტიპის გუნდია, რას ითხოვს მწვრთნელი ჩვენგან და როგორ უნდა ვითამაშოთ. ასე რომ, როდესაც მწვრთნელი ჩემს სახელს გამოაცხადებს, მზად ვარ, მოედანზე გავიდე. მინდა დავამტკიცო, რომ ყოველივე იმის გაკეთება შემიძლია, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ, - დასძენს სანდრო მამუკელაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"