28 დეკემბერს, ევროლიგაზე გოგა ბითაძის დებიუტი შედგა - მისი ახალი გუნდი "ბუდუჩნოსტი" მე-15 ტურში მიუნხენში (მატჩს 6 700 მაყურებელი დაესწრო) "ბაიერნთან" 88:93 დამარცხდა.
არადა, პოდგორიცული გუნდი მეორე მეოთხედში 38:21-ს იგებდა, მაგრამ მოპოვებული ფორა შესვენების შემდეგ დაკარგა.
ბითაძემ 23:14 წუთში 17 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო.
გოგამ კარგა ხანი 4 ფოლით დატვირთულმა ითამაშა, თორემ უფრო შედეგიანი იქნებოდა, მე-5 პერსონალური კი შეხვედრის დასასრულს მიიღო.
"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 3 იანვარს სტუმრად "მილანს" შეხვდება, იქამდე კი 30 დეკემბერს ბელგრადში ადრიატიკის ლიგაზე "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.