გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს.

ბითაძე გახდა პირველი ცენტრი უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ვინც ეს პრიზი მიიღო.

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კალათბურთელებს გამოკითხვის შედეგად გადაეცემათ, რომელშიც მონაწილეობას ევროლიგის გუნდების მწვრთნელები იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ  "ბუდუჩნოსტთან" კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა, 13 შეხვედრის ჩატარება მაინც მოასწრო ევროლიგაში. 212 სანტიმეტრის სიმაღლის 19 წლის ქართველი ცენტრი ევროლიგის 13 შეხვედრაში საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2.3 ბლოკს აგროვებდა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 16.3 იყო.

არც ისე ბევრი ჩატარებული
თამაშის გამო გოგა სტატისტიკის ლიდერებში ვერ მოხვდა. თუმცა, იქ რომ ყოფილიყო, ბლოკებში პირველ ადგილს დაიკავებდა, მეოთხე იქნებოდა მოხსნებში და მერვე ქულებში. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მწვრთნელებმა უკანასკნელ 13 წელში ცენტრი პირველად დაასახელეს ამომავალ ვარსკვლავად.

გოგა ბითაძის დებიუტი ევროლიგაში გასაოცარი იყო. მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკი მიითვალა და ეს ყველაფერი მხოლოდ 23 წუთში.

მეორე თამაში უფრო შედეგიანი აღმოჩნდა მისთვის. "მილანის" წინააღმდეგ გოგამ 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 ბლოკი დააგროვა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 31 ჰქონდა.

ბითაძე იყო "ბუდუჩნოსტის" "სული და გული" ზედიზედ სამ მოგებულ შეხვედრაში და მადრიდის "რეალთან" თავისი ერთადერთი ორმაგი დუბლი ჰქონდა (13 ქულა, 10 მოხსნა, 3 ბლოკი). მან სროლის საუკეთესო მაჩვენებელი 22-ე ტურში, "ხიმკის" წინააღმდეგ დააფიქსირა. იმ მატჩში გოგამ 17 ქულა მოაგროვა, თამაშიდან ნასროლი 6 ბურთიდან 5 მოათავსა ზუსტად კალათში, ხოლო 8 საჯარიმოდან 7 ჩააგდო. 212 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრმა სეზონიც კარგად დაასრულა - 16 ქულა და 8 მოხსნა ათენში გამართულ მატჩში "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ.

გოგა ბითაძე ანდრეა ბარჯიანის შემდეგ (2005/06 სეზონი) ამომავალი ვარსკვლავის პრიზის მფლობელი პირველი ცენტრი გახდა.

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მოუგიათ ისეთ კალათბურთელებს, როგორებიც არიან რუდი ფერნანდესი, დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ნიკოლა მიროტიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, ბოგდან ბოგდანოვიჩი და ლუკა დონჩიჩი.

სწორედ "დალასის" სლოვენიელი ვარსკვლავი იყო ამ ნომინაციის გამარჯვებული უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. დღეს კი "ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის" სტატუსი გოგა ბითაძეს მიანიჭეს.

მომზადებულია eurohoops-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი ფაქტი და დიდი მიღწევაა. ვულოცავ გოგას. შემდგომი წარმატებებისთვის საუკეტესო დასაწყისია.
გიორგი
17:18 07-05-2019
0
გოგას დიდი წარმატებები,მაგრამ ჩვენს ნაკრებს რა ეშველება მის გარეშე?მხოლოდ შერმადინს,ძალიან გაუჭირდება ისედაც სისხლისაგან დაცლილი საქართველოს ნაკრების ფარის დაცვა
სოსო
10:42 08-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული