შერმადინი, შენგელია და მაკფადენი ესპანურ პლეი-ოფში ითამაშებენ

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფში 2 ქართველის და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გუნდები გავიდნენ.

თორნიკე შენგელია (ბასკონია), გიორგი შერმადინი (უნიკახა) და თად მაკფადენი (ხუვენტუდი) მეოთხედფინალში ითამაშებენ და თოთოეული მაქსიმუმის მიღწევას ეცდება.

ხსენებულ სამეულში რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე მაღალი - მე-3 ადგილი შენგელიას "ბასკონიამ" დაიკავა. ბასკონიელები "ვალენსიას" ესტუმრნენ და 81:92 წააგეს, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:08 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თოკომ 7-დან 5 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური
ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ იოჰანეს ვოიგტმანსა და ლუკა ვილდოზას ჩამორჩა.

გერმანელმა ფორვარდმა 9 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, არგენტინელი მცველის მონაგარი კი 18 ქულა, 5 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ.

საინტერესოა, რომ შენგელიამ სეზონის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტად 18.2 დააფიქსირა, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

საბოლოოდ, "ბასკონიამ" 26 მოგებითა და 8 მარცხით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის მეოთხედფინალში "სარაგოსას" გაეჯიბრება.

21 გამარჯვებითა და 13 წაგებით რეგულარული პირველობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა "უნიკახამ", რომელიც პლეი-ოფში სწორედ ხსენებულ "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

დღეს მალაგელები შერმადინის ყოფილ კლუბ "მორაბანკ ანდორას" დაუხვდნენ და 72:66 იმარჯვეს. ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 12:40 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. საინტერესოა, რომ გიორგის კონკურენტმა, ფრანგმა ცენტრმა მატიას ლესორმა შვიდივე ტყორცნა ააცილა და მატჩი 0 ქულით, თუმცა კი 10 მოხსნით დაასრულა.

პლეი-ოფში "ბარსელონასთან" ჭიდილი მოუწევს მაკფადენის "ხუვენტუტს", რომელმაც ბოლო ტურში "ესტუდიანტესს" 86:78 მოუგო და ტურნირი 18 მოგებითა და 16 მარცხით მე-7 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მოედანზე 12:11 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

პლეი-ოფი 30 მაისიდან დაიწყება. ამ დღეს შენგელიას "ბასკონია" "სარაგოსასთან" ითამაშებს, ხოლო 31-ში პლეი-ოფში შერმადინის და მაკფადენის გუნდებიც ჩაერთვებიან.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, ხოლო ნახევარფინალი და ფინალი 3-ამდე იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული