ესპანური გამოცემა "სამხრეთის გაზეთი" (diariosur.es) გიორგი შერმადინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ ქართველი ცენტრის მალაგას "უნიკახაში" დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშაა და "ენდესა ლიგის" რამდენიმე კლუბს მისი დამატება სურს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მომავალი სეზონისთვის "უნიკახას" გეგმების ნაწილი ცნობილი გახდა და ნაკლებად სავარაუდოა გიორგი შერმადინის გუნდში დარჩენა.
ქართველს კონტრაქტი უმთავრდება და კლუბი ბაზარზე მის ალტერნატივებს ეძებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, შერმადინით რამდენიმე კლუბი არის დაინტერესებული და მნიშვნელოვანი შენაძენის გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ მას შემდეგ, რაც "უნიკახასთან" კონტრაქტი დაუსრულდება.
მალაგურ კლუბს ჯერ
არ ჰქონია ფორმალური კომუნიკაცია ქართველ ცენტრთან, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, თუმცა კლუბს მისი გახანგრძლივება შეუძლია.
ერთადერთი პრობლემა ხელფასის ნაწილია, სადაც აღნიშნულია, რომ კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში ხელფასი მინიმუმ წინა გასამრჯელოს 100% უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ შერმადინი კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, ეს საქმეს ართულებს.
შერმადინი კი განსაკუთრებული კალათბურთელია. თავისი სიმაღლის გამო კალათთან ის შეუჩერებელი გახლავთ. ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს საჯარიმო სროლებიდან.
დაცვაში კი ისეთი კარგი ვერ არის, რადგან მობილურობა და ძალა აკლია. სეზონი ისევე ჩაატარა, როგორიც კლუბმა, კარგი და ცუდი თამაშები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. პლეი-ოფის სტადიაზე "ვალენსიასთან" ძალიან კარგი იყო.
თავად კალათბურთელს მალაგაში დარჩენა უნდა. აქ მისი ოჯახი სრულიად ადაპტირებულია გარემოსთან და მომავალში იქ დასახლებას აპირებს.
მისი მომავალი მალაგაში საკმაოდ ჩახლართულია, თუმცა ალტერნატივები არ აკლია. ის მწვრთნელებისთვის ძვირფასი კალათბურთელია, 2 სეზონის წინ ის "ანდორას" შემადგენლობაში ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრი იყო. შერმადინის მსგავსი ბევრი კალათბურთელი ბაზარზე ნამდვილად არაა და კლუბების საკმაოდ დიდი რიგი შეიქმნება, თუ "უნიკახა" მასთან დამშვიდობებას გადაწყვეტს.