ამერიკული მედია: ბითაძის აყვანა უფრო საინტერესო შედეგს მოიტანს, ვიდრე...

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა indianapolisrecorder-ი აქვეყნებს სტატიას გოგა ბითაძის შესახებ, უფრო სწორად, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებული იყო დრაფტზე მისი აყვანა.

სტატიის ავტორი გამოცემის ჟურნალისტი დენი ბრიჯისი გახლავთ.

დასაწყისშივე წერია, რომ დრაფტი ზუსტი მეცნიერება არაა. შეიძლება რაღაც ფორმულები და ცვლადები გქონდეს, თუმცა ეს არაა საკმარისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ავტორი ამბობს, რომ "ინდიანას" ხელმძღვანელ კევინ პრიტჩარდს რთული გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუმცა, მისი (ავტორის) აზრით, შესანიშნავი არჩევანი გააკეთა და აიყვანა გოგა ბითაძე, რომლის სახით გუნდს ახალგაზრდა მაღალი ბიჭი შემატა, რომელსაც პარკეტზე ბევრი რამის
გაკეთება შეუძლია და სავსებით რეალურია, რომ NBA-ს ძალიან კარგ კალათბურთელად ჩამოყალიბდეს.

დრაფტის დასრულებისთანავე ძალიან ბევრმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პრიტჩარდმა ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა და არ გაითვალისწინა გუნდის საჭიროებები. თუმცა მაღალი და ნიჭიერი კალთბურთელები არც ისე ბევრია. აქედან გამომდინარე, ეს კარგი პასუხია კალათბურთის იმ უცოდინრებისათვის, ვინც პრიტჩარდის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო.

ისინი იძახიან, რომ "ინდიანას" უკვე ჰყავს ტერნერი და საბონისი და კიდევ ერთი ცენტრი არაფერში სჭირდებათ. მე კი ვთვლი, რომ ბითაძე შესანიშნავი სადაზღვევო პოლიტიკაა, თუკი ტრავმების შესაძლებლობას გავითვალისწინებთ.

გვესმის, რომ ის "ნედლეულია", თუმცა განა ბითაძეს არ შეუძლია პოზიტიური წვლილის შეტანა სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართვით? რა თქმა უნდა, შეუძლია. გარდა ამისა, ეჭვგარეშეა, რომ ბითაძე ძალიან მიმზიდველი კალათბურთელი იქნება სხვა გუნდებისთვის და ამის გათვალისწინებით, იზრდება შანსი, რომ გოგას გაცვლით გუნდში საჭირო კალათბურთელი მოვიდეს.

ავტორი სტატიის ბოლოში "ინდიანას" ფანებს მოუწოდებს, რომ ღრმად ჩაისუნთქონ და დამშვიდდნენ, რადგან ბითაძის აყვანა უფრო საინტერესო შედეგს მოიტანს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ამისათვის მხოლოდ მცირე დრო არის საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული