ახალგაზრდა კალათბურთელი ლუკა მაზიაშვილი კარიერას ამერიკულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "ოლიმპისა" და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ლუკა მაზიაშვილი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შესარჩევ კემპზე დაიბარა, კარიერას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გააგრძელებს. მაზიაშვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტს მასაჩუსეტსის ლოუელის უნივერსიტეტთან და ის სწავლისთვის სრულ დაფინანსებას მიიღებს, ხოლო კალათბურთში ამ უნივერსიტეტის გუნდის – "რივერ ჰოუქსის" ღირსებას დაიცავს.

"მასაჩუსეტს ლოუელ რივერ ჰოუქსი" NCAA-ს პირველი, ანუ უმაღლესი დივიზიონის წევრია. "ქორები" არცთუ მძლავრ – America East-ის კონფერენციაში ასპარეზობენ, სადაც მთლიანობაში 9 გუნდია. მათგან ყველაზე ცნობილი და ძლიერი ვერმონტის უნივერსიტეტია, რომელიც კონფერენციის
ჩემპიონი გახდა და NCAA-ს ფინალურ ტურნირში იასპარეზა. ვერმონტენელმა პირველივე წრეში ფლორიდის უნივერსიტეტთან წააგეს. რაც შეეხება ლუკა მაზიაშვილის გუნდს, მასაჩუსეტსელებმა გასულ სეზონში America East-ის კონფერენციაში გამართული 16 მატჩიდან 7 მოიგეს, მე-5 ადგილი დაიკავეს, თუმცა პლეი-ოფის პირველივე წრეში "ჰარტფორდთან" წააგეს.

მაზიაშვილმა გასული სეზონი სუპერლიგის კლუბ "ოლიმპში" გაატარა, სადაც ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია და საშუალოდ 2.4 ქულას, 0.9 პასს და 0.7 ჩაჭრას ითვლიდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში კი, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, მაზიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 21.3 წუთში საშუალოდ 12.5 ქულას, 2.9 პასს, 2.4 მოხსნას და 1.9 ჩაჭრას ითვლიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული