თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ევროპის ყველაზე წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირის MVP-ის ტიტული მეტად პრესტიჟულია და მას მიმდინარე სეზონში ტურების მიხედვით ფლობდნენ: მაიკ ჯეიმსი (ცსკა), ვასილიე მიჩიჩი (ეფესი), ნანდო დე კოლო (ფენერბაჰჩე). გასული ტურის საუკეთესოდ კი ესპანური “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ ეს მისთვის მე-3 ტურის MVP-ის ტიტულია კარიერაში.
თორნიკე შენგელიამ ტიტული “ოლიმპიაკოსთან” მატჩში ნაჩვენები შედგის გამო დაიმსახურა. მისი ლიდერობით ბასკურმა კლუბმა 82:66 დაამარცხა ბერძნული გრანდი. შენგელიამ პირეოსელებს 25 ქულა ჩაუგდო. ამ სტატისტიკურ მაჩვენებელს ცალკე იმიტომ გამოვარჩევთ, რომ ის ქართველი ფორვარდისთვის ევროლიგაში პირადსარეკორდოა. ევროპის უმძლავრეს ლიგაში ასპარეზობის მე-7 სეზონში შენგელიას 25 ქულა არასდროს ჩაუგდია. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი 24 იყო.
“ოლიმპიაკოსთან” ქართველმა ფორვარდმა 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. საერთო ჯამში შენგელიას მატჩში ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი – 28 დაუგროვდა. სწორედ ეს ბოლო მაჩვენებელი გამოდგა გადამწყვეტი საიმისოდ, რომ თორნიკეს MVP-ის ტიტული მოეპოვებინა. შენგელიამ 1-ით გაუსწრო ეფესელ ბრაიანტ დანსტონს, რომლის წინამძღოლობით (17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი) სტამბოლელებმა მადრიდის “რეალი” დაამარცხეს.
შენგელიას ზეშედეგიანი სეზონი აქვს ევროლიგაში. მიმდინარე გათამაშების 4 მატჩში ბასკონიას კაპიტანი საშუალოდ ნათამაშებ 29:07 წუთში 18.5 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.8 პასს, 0.5 ჩაჭრას და 0.8 დაფარებას აგროვებს. აქამდე მისთვის საუკეთესო შედეგი 2017-18 წლების სეზონში დაფიქსირდა: 13.7 ქულა და 6.1 მოხსნა.
შემდეგ ტურში, 29 ოქტომბერს, “ბასკონია” საფრანგეთში “ვილერბანს” ეთამაშება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით