ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებულ ფორმაშია "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს და შეუჩერებელია.
14 ნოემბერს, ევროლიგის მე-8 ტურში მან "მაკაბისთან" შეხვედრაში 36:09 წუთში 31 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქულებში, რაც შენგელიამ ევროპულ საკლუბო კალათბურთში ჩააგდო.
თორნიკე მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
თუმცა, თანგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საკუთარ მოედანზე 83:113 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების წევრი მეტ ჯენინგი ბასკურ გუნდს 21:03 წუთში ოდენ 2 ქულით შეეწია.
"ბასკონია" 3 მოგებით მე-12 ადგილზეა და 20 ნოემბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.