თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის MVP გახდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯერ მიმდინარე თვის ნახევარიც არ გასულა, თუმცა საუკეთესო მოთამაშე უკვე გამოვლინდა, რადგან თებერვალში ესპანეთის ლიგა ენდესის თამაშები აღარ ჩატარდება. წინ ესპანეთის თასის მატჩებია, შემდეგ კი ფიბას მიერ დადგენილი სანაკრებო ფანჯარა. ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგი ტური 29 თებერვალსა და 1-ელ მარტს ჩატარდება, რომლის შედეგებიც იქითა თვის ანგარიშში ჩაითვლება.

შესაბამისად, თვის საუკეთესო მოთამაშე 2 ტურის ჯამში დასახელდა და საუკეთესო "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი აღმოჩნდა. შენგელიამ თებერვალში 2 მატჩი ჩაატარა. მალაგის "უნიკახასთან" შეხვედრაში შენგელიამ 15 ქულა,
7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. იმ მატჩში თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა. ქართველი ლეგიონერი შედეგიანად გაისარჯა "ობრადოიროსთან" შეხვედრაშიც, სადაც მისი მონაგარი 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა და 6 გამომუშავებული ფოლი იყო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 33 გახლდათ.

2 მატჩის ჯამში, შენგელიას მაჩვენებლები ასეთი იყო: 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი და სარგებლიანობის კოეფიციენტი 29. შედეგად, "ბასკონიას" კაპიტანმა უნიკახელ ხაიმე ფერნანდესსა (26.5) და მანრესის კალათბურთელ დავიდ კრავიშს (22) აჯობა.

შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს. პირველად ეს 2018 წლის ოქტომბერში მოხდა. ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ეს უკვე მეორე ქართული ტიტულია. დეკემბრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა. მთლიანობაში, მიმდინარე ლიგა ენდესის თვის MVP-ის ტიტულის მფლობელთა სია ასე გამოიყურება:

სექტემბერი – ბრენდონ დევისი (ბარსელონა)
ოქტომბერი – ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)
ნოემბერი – აშკია ბუკერი (მურსია)
დეკემბერი – გიორგი შერმადინი (ტენერიფე)
იანვარი – ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)
თებერვალი – თორნიკე შენგელია (ბასკონია)

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები თოკოს! საამაყო კაცი გვყავს საქართველოს!!!
გუგა
11:34 07-03-2020
0
ხუთი დღე დარჩა ევროლიგის გამოკითხვის დასრულებამდე შეუტიოთ ძველებურად ქართველებო!
მაგარია
09:25 13-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული