საქართველოს ნაკრებში თამაშით ახდენილი ბავშვობის ოცნება თორნიკე შენგელიასთვის

AutoSharing Option
ფიბა-ს ვებ-გვერდზე საქართველოს კვირეული გრძელდება. ბოლო ათწლეულის ჩვენი ნაკრების სიმბოლური ხუთეულის გამოკითხვის წამოწყების შემდეგ, საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების ლიდერის, თორნიკე შენგელიას ინტერვიუ, რომელშიც უხვი დოზითაა ის პატრიოტული მუხტი, რომლითაც ჩვენი ნაკრების კაპიტანი ყოველთვის გამოირჩევა. შენგელიასთვის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, როცა ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და სჯერა, რომ მომავალი ევრობასკეტი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველოა, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე შედეგიანი იქნება. ნაკრების ლიდერი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და სჯერა იმ ახალგაზრდა თაობის, რომლის წარმომადგენლებიც ეროვნული გუნდის შესავსებად იღწვიან.

თორნიკე შენგელიას
ახსოვს თავისი ბავშვობის უდარდელი დღეები საქართველოში. ის თამაშობდა კალათბურთს და მთელი გულით უყვარდა იგი. ის ასევე, პერიოდულად, უყურებდა ეროვნული ნაკრების თამაშებს. ერთ მშვენიერ დღესაც, წარმოიდგინა, რომ მასაც შეეძლო საქართველოს ნაკრებში მოხვედრა, თამაშის წინ მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად გასვლა და ეროვნული ჰიმნის სიმღერა.

“როცა პატარა ვიყავი და თამაშების წინ ეროვნულ ჰიმნს ვუსმენდი, ჟრუანტელი მივლიდა და ოცნებად მქონდა, იქ ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყნის სახელი დამეცვა – ამბობს თორნიკე შენგელია – და ახლა, როცა ნაკრების წევრი ვარ, ოცნება ამიხდა. ეს ისეთი გრძნობაა, სიტყვებით ვერ აღწერ”.

თითქმის სრული დეკადაა, შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერია. მან ითამაშა სამ ევრობასკეტზე, ასევე მონაწილეობა მიიღო 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. იგი ამბობს, რომ ნაკრების მაისურის ტარება მოდუნების საშუალებას არ იძლევა. მაგალითად, შენგელიამ რომ გაიგო, საქართველო მომავალი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებდა, ადრენალინის ჭარბი რაოდენობა მიიღო.

“გრძნობა, რომელიც განვიცადეთ, როცა ევრობასკეტის მასპინძლობის შესახებ პირველად გავიგეთ, ქართველი ხალხისთვის აღმაფრთოვანებელი იყო – იხსენებს შენგელია – პირადად ჩემთვის, ეს უდიდესი გრძნობა იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ჩემთვის და მოთამაშეებისთვის, არამედ ყველასთვის ჩვენს ქვეყანაში.

ეს ეხება ახალგაზრდებსაც, რომლებიც ჰბაძავენ შენგელიას და სურთ გაჰყვნენ მის გზას, ითამაშონ დიდი კალათბურთი და დაიცვან ქვეყნის სახელი. “ესაა მოტივაცია და ჩემს შთაგონებას ისინიც წარმოადგენენ, რადგან მეც ვიყავი მათს ადგილზე” – ამბობს თორნიკე.

ევრობასკეტის მასპინძლობა ძალიან კარგია ქვეყნისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. ბოლო 2 ევროპის ჩემპიონატს ჯამში 8 ქვეყანამ უმასპინძლა. თამაშები როცა მიმდინარეობს, გულშემატკივრები ან დარბაზში არიან, ან პირდაპირ ეთერში ქომაგობენ თავიანთ ნაკრებს. მოთამაშეები სიამაყეს განიცდიან, როცა მხარდამჭერების თვალწინ თამაშობენ. და ასე იბადება ახალი თაობები კალათბურთში.

“ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისთვის მაღალი დონის თამაშებზე დასწრება, უშუალოდ ტრიბუნაზე ყოფნა, როცა დიდ კალათბურთს თამაშობენ – ამბობს თორნიკე შენგელია – ბოლო 4 ევრობასკეტზე მონაწილეობა არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის იყო მნიშვნელოვანი”.

პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე 2011 წელს ითამაშა, როცა მონაწილეთა რიცხვი 16-დან 24-ამდე გაიზარდა.

“ევრობასკეტზე გასვლა დიდად დაგვეხმარა – განაგრძობს შენგელია – კალათბურთისთვის ყოველთვის იყო დრო, მაგრამ ჩვეულებრივ, მისადმი ინტერესი ზაფხულობით იგრძნობოდა ხოლმე. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო პირველად გავიდა ევრობასკეტზე, კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში პირველი თუ არა, სპორტის ერთ-ერთი პირველი სახეობა გახდა. სტატისტიკურად, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო კალათბურთზე სიარული”.

შენგელიას თქმით, არაფერია მის კარიერაში ისეთი, რაც საქართველოსთვის თამაშს გაუთანაბრდება: “ულაპარაკოდ, ჩემი საუკეთესო მოგონება ისაა, როცა კალათბურთის ფედერაციისგან პირველად მივიღე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიწვევა. ეს იყო ძალიან სასიხარულო და უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე შთაგონებული ვიყავი თანაგუნდელებით და მსურდა, გავმხდარიყავი იმ ნაკრების წევრი, რომელიც ბოლომდე, საფინალო სირენამდე იბრძოდა. როცა გვერდში იმდენი უძლიერესი მოთამაშე გყავს, როგორიც ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძეა – არ მინდა ვინმე გამომრჩეს – დღის ბოლოს ფიქრობ, რომ არა მხოლოდ რომელიმე მათგანია შენი მოტივატორი, არამედ, ყველანი ერთად, როგორც ერთი მთლიანი გუნდი”.

შენგელია ნაკრებში იყო როცა საქართველოს ნაკრებმა ხმაურით შეაბიჯა ევრობასკეტზე 2011 წელს. 2013 წელი თორნიკემ ტრავმის გამო გამოტოვა და აღმავლობით ჩაატარა 2015 და 2017 წლების ჩემპიონატები.

შემადგენლობაში დანაკლისი იყო ალბათ ის მიზეზი, რამაც საქართველოს ოთხივე ევრობასკეტზე პოზიცია შეურყია:

“ევრობასკეტი ერთ-ერთი იმ ტიპის ტურნირია, რომელშიც მოკლე დროში საკმაოდ ბევრი მატჩის გამართვა გიწევს და ამიტომ საჭიროა იმის ფუფუნება გქონდეს, რომ გრძელი სკამით ყველაფერი დააბალანსო – აცხადებს შენგელია – უმეტესწილად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე 7-8 კალათბურთელით თამაშობდა. გუნდში, რა თქმა უნდა, გვყავდა კიდევ მოთამაშეები, რომლებიც მზად იყვნენ, მოედანზე თავი გაეწირათ და უმაღლეს დონეზე ეთამაშათ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ამის შანსი არ მისცემიათ. აღსანიშნავია, რომ ტურნირის სპეციფიკა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება და მოთამაშეებისგან უდიდეს პროფესიონალიზმს მოითხოვს, რათა ყოველდღიურად მეტი და მეტი ენერგიის გაღება იქნეს შესაძლებელი.

ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი მატჩიც მოვიგეთ. ბოლო ევრობასკეტზე (თელ ავივში) დავამარცხეთ ლიტვა და მასპინძელი ისრაელის ნაკრები”.

2015 წელს, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა და საფრანგეთის ქალაქ ლილში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეს გახლდათ იონას მაჩიულისის საუკეთესო სანაკრებო მატჩი, რომელმაც 34 ქულა ჩაუგდო ქართველებს და ლიტვას 85:81 გაამარჯვებინა.

2017 წელს, იტალიამ დიდ ბრძოლაში, 71:69 სძლია საქართველოს ჯგუფური ეტაპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მატჩში, რისი წყალობითაც მოახერხა პლეი ოფში გასვლა. “რომ შევადაროთ იმ დროის საქართველოს და იტალიის ნაკრებები, სხვაობა სათადარიგოთა სიმრავლეშია, რომელსაც ჩვენი მეტოქე ფლობდა” – იხსენებს შენგელია.

ის შემართება და ბრძოლისუნარიანობა, რაც საქართველომ გამოავლინა გასულ წლებში, გვაფიქრებინებს, რომ ამ ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

“როცა ყველა მოთამაშე მწყობრში გვყავს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხების ძალა შეგვწევს – აცხადებს შენგელია – არ მინდა მიკერძოებულად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი გრძნობა მაქვს. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ წარსულში და მზად ვართ, მომავალშიც დავამტკიცოთ”.

მომავალი ევრობასკეტი იქნება პირველი, როცა საქართველოს მასპინძლის უპირატესობა ექნება.

“ყოველთვის განსაკუთრებულია საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში – ამბობს თორნიკე – რომ გადავხედოთ ისტორიას, კარგად დავინახავთ, რომ საქართველოს ნაკრები ბევრად შედეგიანია, როცა სახლში თამაშობს და ამიტომ, ეს უპირატესობა მომავალ ევრობასკეტზე უნდა გამოვიყენოთ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გასულ 4 ევრობასკეტზე საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას ვუყრიდით თავს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მომავალი ჩემპიონატი იყოს ყველაზე შედეგიანი.

მიმაჩნია, რომ ის ბირთვი, რომელიც გასულ დეკადაში იცავდა ჩვენი ნაკრების ღირსებას, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო, თუმცა პერსპექტიული თაობაც მოდის. გვყავს არაერთი დიდებული ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეროვნული ნაკრების რიგების შევსება. ამ პროცესს დრო დასჭირდება, შეთამაშებისთვის და გუნდის შესაკრავად მუშაობა, მრავალი თამაშის გამართვა იქნება საჭირო, თუმცა სამომავლოდ, ამ მიზნის მიღწევა სრულებით შესაძლებელია”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული