თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში მოსკოვში "უნიკსი" 89:81 დაამარცხა, სერია 3:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა.
შენგელიამ თამაში, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და 26:51 წუთში 19 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.
მატჩში გადამწყვეტი მეორე ტაიმის მოკლე მონაკვეთი გამოდგა, როდესაც შენგელიამ სამჯერ გაიბრწყინა და თავის გუნდს 6 ქულა შესძინა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი გარღვევა გამოდგა, როდესაც მთელი მოედანი გადალახა და ბურთი კალათში ჩატენა. ამ ეპიზოდს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მონსტრული უწოდეს.
თორნიკემ მოსკოვურ გუნდში პირველი ტიტული მოიგო და დაჯილდოებაზე საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული.
სხვათა შორის, ცსკა-მ ალექსანდრ გომელსკის სახელობის 4 500-იან არენაზე უკანასკნელად ითამაშა, ვინაიდან ნაგებობას დაანგრევენ და მის ადგილზე სპორტკომპლექსს ააშენებენ.
ყველაზე შედეგიანი ყაზანელი ჯონ ბრაუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ბურთი, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა.