ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა გასვლაზე 71:81 დამარცხდა "ბარსელონასთან".
სტუმრები მეორე მეოთხედში 11 ქულით დაწინაურდნენ, მესამე მეოთხედის შემდეგ 7 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ დასკვნითი პერიოდი 13:30 დათმეს და მარცხი განიცადეს.
შენგელიამ 29:11 წუთში 17 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი), 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24 იყო.
ცსკა-დან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი იოჰანეს ფოიგტმანი იყო, მაგრამ მას და შენგელიას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.
ასევე 21 ქულა ჩააგდო "ბარსელონელმა" ნიკოლა მიროტიჩმა, რომელიც სარგებლიანობის 27-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
ცსკა 5 მოგებით მე-10 ადგილზეა და 19 ნოემბერს სტუმრად "ბასკონიას" შეხვდება.