"ბითაძის დრო "ინდიანა პეისერსში" გაიზრდება" - უცხოური გამოცემა გოგას შესახებ წერს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ბელგიასთან (79:76) დასანანი მარცხი განიცადა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ, "ინდიანას" კალათბურთელმა 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 ბლოგი მიითვალა.

უცხოური გამოცემა Amolivia.com-ი გოგას შესახებ წერს და ქართველ ცენტრს მომავალ სეზონში მეტ სათამაშო დროს უწინასწარმეტყველებს.

"ბითაძე ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ემზადება. ქართველს გააჩნია ყველა საჭირო უნარი, რათა "პეისერსს" მომავალ სეზონში სარგებელი მოუტანოს. მაგრამ ამ მხრივ პატარა გაურკვევლობაა, "ინდიანას" ჰყავს მაილს ტერნერი და ჯეილენ სმიტი. სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს ეს 2 კალათბურთელი დაიწყებს. 2021 წელს გუნდმა დრაფტზე კიდევ
ერთი ცენტრი, აიზია ჯექსონი აიყვანა და დანიელ ტეისის სახითაც მიიღო შევსება.

გასულ სეზონში, დომანტას საბონისის "საკრამენტოში" გაცვლის შემდეგ, გოგამ მომენტით კარგად ისარგებლა. ბითაძე საშუალოდ 11.8 ქულას, 5.1, მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, ესროდა 61.7 პროცენტის სიზუსტით. როდესაც ქართველს სათამაშო დრო მიეცა, თავი ბრწყინვალედ გამოიჩინა. გოგა ინტერვიუებში აცხადებდა, რომ გრძნობდა თავდაჯერებას, რადგან საკუთარ როლს გუნდის სისტემაში კარგად ხედავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ადგილს დაიკავებს ბითაძე "ინდიანა პეისერსის" 2022-23 შემადგენლობაში, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ასეთი შესაძლებლობების მქონე მოთამაშე უბრალოდ გაცვალონ. რიკ კარლაილს მოუწევს კრეატიული გზების მონახვა, რათა ქართველს მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

"უბრალოდ, მსურს, საუკეთესო ფორმაში ვიყო" - განაცხადა გოგამ რამდენიმე დღის წინ. როგორც ჩანს, ის თავდაუზოგავად ემზადება და NBA-ს ახალ სეზონს მომზადებული და მოტივირებული ხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბითაძეს ერთ კომპონენტში აუცილებლად მოსამატებელი აქვს. ლიგაში მოსვლამდე მის ერთ-ერთ მთავარ იარაღად 3-ქულიანი ტყორცნები ითვლებოდა, თუმცა NBA-ში ეს არც ისე კარგად გამოსდის. ბითაძისთვის ევრობასკეტი მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება და იმედია, ქართველი ამ გამოწვევას მიიღებს". - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგაზე სიახლე არაფერია?როგორ არის?
მარი
16:39 02-09-2022
0

სიახლეები პოპულარული