ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.
4 ტურის შემდეგ "ტენერიფეს" 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, "პერისტერისთან" განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.
GBF