შერმადინის 18 ქულა და "ტენერიფეს" დამაჯერებელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანური "ტენერიფე", რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია, შიდაჩემპიონატთან ერთად ფიბას ჩემპიონთა ლიგაშიც ლიდერია. ტენერიფელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ისრაელის "ბნეი ჰერცელიას" უმასპინძლეს, იოლად დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ. მატჩი, რომლის MVP-ის ტიტულამდე შერმადინს მცირედი დააკლდა, ტენერიფელებმა 20 ქულის სხვაობით – 83:63 მოიგეს. 

ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური
ფოლი მიიღო. ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.

4 ტურის შემდეგ "ტენერიფეს" 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, "პერისტერისთან" განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული