გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების ნახევარფინალშია. "კანარელებმა" მარადიული მეტოქე – "ბარსელონა" დაამარცხეს, რომელიც მადრიდის "რეალთან" ერთად წლებია, "ტენერიფელთა" გადაულახავ ბარიერად იყო აღმართული. "ტენერიფე" ესპანურ გრანდებს სულ ეურჩებოდა და ბოლომდე ებრძოდა, მაგრამ ყოველთვის შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით სრულდებოდა. "ტენერიფელებმა" ნავსი გატეხეს და "ბარსელონა", რომელიც წლეულს რეალურად დასუსტებულია, თასის გათამაშებიდან გააგდეს.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ტენერიფე" თამაშის მსვლელობისას 12 ქულითაც აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 25:13 აჯობა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა – 91:86. საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა
სკამიდან ჩაერთო და 11:11 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა ორივე ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ტენერიფეს ფრან გუერამ (14 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა) და მარსელინიო ჰუერტასმა (22 ქულა, 6 პასი, 6 მოხსნა) ულიდერეს.
ნახევარფინალში "ტენერიფე" "უნიკახას" შეხვდება, რომელიც წლეულს ესპანეთის ლიგის ლიდერი და თასის გათამაშების უმთავრესი ფავორიტია. "მალაგელებმა" მეოთხედფინალში "ხუვენტუდი" არ დაინდეს – 100:83. ნახევარფინალები 15 თებერვალს გაიმართება. 14-ში კიდევ 4 მეოთხედფინალია: "რეალი" – "მანრესა", "გრან კანარია" – "ვალენსია".
GBF
ნაკრებში არასდროს მომწონდა რაღაცნაირი ზოზინაა ამუხრუჭებს ყველაფერს