საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ყოფილმა ცენტრმა, ამჟამად კალიფორნიული კლუბის ასისტენტმა ზაზა ფაჩულიამ NBC-ის ეთერში "მეომრების" ახალ აღმოჩენა ერიკ პასკალზე ისაუბრა, რომელიც NBA-ს გასული სეზონის ფინალისტმა 41-ე პიკად აიყვანა 2019 წლის დრაფტზე.
"ვიტყვი, რომ ის ყველაზე მომწიფებული დებიუტანტია, ვინც კი ოდესმე მინახავს. დიახ, მე მისგან ბევრს ველოდები. დარწმუნებული ვარ, ის კარგი კალათბურთელი იქნება. თუმცა, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო კარგად თამაშობს, უფრო მეტად იქნება ყურადღების ცენტრში.
მას თამაშიდან თამაშამდე ახალ-ახალი გამოწვევების წინააღმდეგ გამკლავება მოუწევს. მინდა აღვნიშნო, რომ
ძალიან კარგია, რომ ამ ტიპის წინააღმდეგობების დაძლევა მას სადებიუტო წელს მოუწევს.
პასკალი განსაკუთრებულია, დიახ, განსაკუთრებული. ვიტყოდი, რომ ის ცოტათი ალ ჰორფორდს ჰგავს, რომელიც "ფლორიდა გატორსთან" ერთად სტუდენტური ჩემპიონატის ზედიზედ 2-ჯერ მოგების შემდეგ ლიგაში მოვიდა და დაღვინება ეტყობოდა - NBA-ში თამაშისთვის მზად იყო.
ის, როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა ძალიან კარგი იყო. მას გამარჯვებულის მენტალობა ჰქონდა. ჰორფორდი სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და სწორად თამაშობდა. ალი მონსტრი იყო. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეეძლო თამაში და საკუთარ სტილს ყველგან აჩვენებდა. აი, ეს ყველაფერი პასკალშია და ამიტომ მაგონებს ის ჰორფორდს.
ის დებიუტანტის კვალობაზე მომწიფებულია და უკეთესი გახდება. ერიკი უფრო მეტს ისწავლის, უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენს და საკუთარ თამაშსაც გააუმჯობესებს. სწორედ მომწიფებულობა დაეხმარება მას სწრაფ ზრდაში", - აღნიშნა ზაზამ.
23 წლის ერიკ პასკალმა რეგულარული სეზონის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 30 წუთს თამაშობს და ამ დროში 17 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.6 გადაცემას აგროვებს.