მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა და "სან ანტონიოს" გამარჯვებით – 109:94 დასრულდა. ინდიანელთა განაცხადში არ ყოფილან არც ნომინალური ცენტრი მაილს ტერნერი, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო და არც ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი. ეს ბითაძის შანსი იყო, რომელიც ქართველმა გამოიყენა და სოლიდური, 5 დაფარება მიითვალა, რასაც არცთუ ურიგო 9 მოხსნა მოაყოლა. აი, ქულები მეტი შეეძლო ჩაეგდო, რადგან თამაშიდან ნასროლი 7 ბურთიდან მხოლოდ 1 მოათავსა კალათში.
ბითაძემ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მან საკმაოდ კარგად ისროლა საჯარიმოები და 6 ცდიდან 5 გამოიყენა. მოედანზე მისმა უშუალო კონკურენტმა, სანანტონიოელთა ავსტრიელმა ცენტრმა იაკობ პოელტლმა 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
26 მოგებითა და 31 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და უკვე სოლიდურად ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ ბოლო გუნდ "შარლოტს". შემდეგი მატჩი "ინდიანას" 22 აპრილს, შინ "ოკლაჰომასთან" ელის.
GBF