შიო ხეცურიანი: ამიტომ გადავწყვიტე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭისყრა

AutoSharing Option
წლეულს საარჩევნო წელიწადია. პოლიტიკურ არჩევნებს არ ვგულისხმობთ - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებია. პირველი კანდიდატი ცნობილია - შიო ხეცურიანი, რომელმაც გუშინ ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა, რომ თავის გუნდთან ერთად არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

"მიგვაჩნია, რომ ქართულ კალათბურთში, მის განვითარებაში ცვლილებებია შესატანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭისყრა.

ჩემს გუნდში ყველა ის ადამიანია, რომელიც თავის დროზე კალათბურთში იყო ჩართული, ამჟამად კი ზოგი ისევ ამ სპორტშია, ზოგიც  - კერძო სექტორში. იმის მიუხედავად, ვინ რა საქმიანობას ეწევა, ახლაც ვთამაშობთ ვეტერანთა ლიგაში.

მჯერა, რომ
შეგვიძლია ქართული კალათბურთის განვითარების გეზის სწორი მიმართულებით წარმართვა და დიდი სარგებლის მოტანა სპორტის ამ სახეობისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა", - გვითხრა შიო ხეცურიანმა.

იგი საქართველოს ნაკრების საქომაგოდ თელ -ავივში იყო და სხვა გულშემატკივრებთან ერთად განიცადა ყოველი წარმატება თუ წარუმატებლობა. შიო 2000-იანი წლების დასაწყისში ეროვნული ნაკრების წევრი იყო და საინტერესოა მისი მოსაზრება ჩვენი გუნდის თელავივური გამოსვლის შესახებ.

"როგორც ყველა ქართველ გულშემატკივარს, მეც მეტის მოლოდინი მქონდა. გუნდს ნამდვილად შეეძლო პლეი-ოფში გასვლა, თუმცა კალათბურთელებს მაინც მადლობა ეკუთვნით. მათ ბოლომდე იბრძოლეს და დადეს ყველაფერი, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ.

სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. მთავარი იყო მოკლე სათადარიგოთა სკამი, ევრობასკეტზე თამაშების სიმძიმემ შვიდ კალათბურთელზე გადაიარა. არადა, რომ არა ტრავმები, შესაძლოა, საქმე გაცილებით იოლად ყოფილიყო.

ზაზა ფაჩულიამ ტრავმა ევრობასკეტის დაწყების წინ მიიღო, გიორგი ცინცაძე პირველ მატჩში დაშავდა... ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოაკლდნენ გუნდს, რაც დიდი დანაკლისი იყო.

ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლა მაინც რეალური იყო, ჩვენმა კალათბურთელებმა ხასიათი უჩვენეს. ლიტვის დამარცხებას თავი რომ დავანებოთ, იტალიასთან ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს, ორჯერ ჩამორჩნენ დიდი სხვაობით და ორჯერვე გააბათილეს ეს სხვაობა. ეს მხოლოდ ძლიერ გუნდებს შეუძლიათ..."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შიო ალბათ კარგი პრეზიდენტი იქნება,აი ლიპარტელიანმა კი უკვე დაამტკიცა,რომ კარგი პრეზიდენტიაარ ვიცი ვის აირჩევენ,მაგრამ ორივეს იმედი მაქვს და თუ ითანამშრომლებენ,კიდევ უფრო მეტსაც მიაღწევენ.
სოსო
20:01 21-09-2017
1
შიო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად!!
სააკაძე
19:59 20-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული