ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში

AutoSharing Option
2006 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გუნდი ისე წავიდა შესარჩევ ეტაპზე, რომ საზღვარგარეთ ამხანაგური მატჩი არ გაუმართავს. თუმცა მაშინ ახალგაზრდულ ნაკრებში ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და ლაშა გამყრელიძე თამაშობდნენ.

ვიქტორსაც შეეძლო გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა, თორნიკე შენგელიასაც, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი წარმატებები იყო. როცა ქართული კალათბურთის წინსვლაზე ვლაპარაკობთ, ყველა თაობაში გვჭირდება ერთდროულად ცინცაძე, მარკოიშვილი და სანიკიძე.

ასეთ კალათბურთელებად ჩამოსაყალიბებლად კი მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის, აუცილებელია რაც შეიძლება დიდი გამოცდილება, რაც ადრეული ასაკიდან საერთაშორისო თამაშებს მოაქვს.

საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობენ, თუმცა არც ესაა საკმარისი - საჭირო იყო, ქართული კლუბები გასულიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე, ოღონდ საკონტროლო მატჩებით არ შემოფარგლულიყვნენ...

გუშინ, 9 ოქტომბერს, ლატვიიდან დაბრუნდნენ "ჰიუნდაისა" და "აკადემიის" საკალათბურთო სკოლების 13-წლამდელთა გუნდები. მათ ბალტიის ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპი ითამაშეს, რომელიც რიგაში გაიმართა. ეს უკვე ახალი ერის დასაწყისია ქართულ კალათბურთში. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, უახლოეს მომავალში მათ სხვა აკადემიებიც მიბაძავენ.

ასევე დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბალტიის ლიგის მეორე ტურიდან ქართული გუნდები შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ, 11-12 წლის პატარებს ხომ პირველად მოუწიათ სხვა ქვეყნისა და სხვა სტილის გუნდებთან დაპირისპირება.

მოგახსენებთ, რომ 13-წლამდელთა ბალტიის ლიგაში 13 გუნდი თამაშობს. ისინი ეტაპების მიხედვით სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და 5-6 მატჩს თამაშობენ. რეგულარული ეტაპი კი მაშინ დასრულდება, ყველას ერთმანეთში რომ ექნება ნათამაშები.

"ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა ჩვენი ბავშვებისთვის შესანიშნავი გამოცდილებაა. ბალტიის ლიგაზე წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების უძლიერესი სკოლები მონაწილეობენ.

ჩვენი ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ საკმაოდ რთული იყო ასეთი ინტენსიური გრაფიკით თამაში.

მთავარია, გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები უკეთ გამოიკვეთა. ახლა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატები გველის და მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ნაკლოვანების გამოსწორებას", - აღნიშნა "აკადემიის" მწვრთნელმა გელა წულაძემ რიგიდან დაბრუნების შემდეგ.

ჰიუნდაი
ჰიუნდაი-მინსკი 57:36
ჰიუნდაი-მარუპესი 41:37
ჰიუნდაი-ჯამფბოლი 37:40
ტტუ-ჰიუნდაი 29:57
ჰონკა-ჰიუნდაი 39:38

"ჰიუნდაის" შემადგენლობა: დემეტრე მამალაძე, ლუკა ისაკაძე, ნიკა ბოსტოღანაშვილი, საბა გამცემლიძე, თენგო გოგიშვილი, დავით ბეგალაშვილი, იოსებ გუგუციძე, გაბრიელ ისიანი, ნიკოლოზ ეზიაშვილი, გეგა წულაია.

აკადემია
აკადემია-მასუ 37:53
ვიტებსკი-აკადემია 26:55
აკადემია-დინამო მოსკოვი 26:49
მაჟეიკაი-აკადემია 42:37
აკადემია-მიგლინიექსის სკოლა 29:44
რიგა-აკადემია 41:47

"აკადემიის" შემადგენლობა: ლუკა ჯიქია, საბა ბეროშვილი, სანდრო ფირცხალავა, გიორგი ბერუაშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ლუკა ბარაბაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით გელაშვილი, თემურ ელიაშვილი, გეგა ნიკოლაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული