მრავალი წლის მანძილზე საქართველოს ნაკრების წევრსა და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს წინ კლუბის მმართველობის საპასუხისმგებლო გამოცდილება ელის, რომლის განხორციელებაც მას A ლიგის გუნდ "ტიტებში" მოუწევს. თბილისის "ტიტების" პრეზენტაცია ბიზნეს ცენტრ "ტიფლის დეველოპმენტში" შედგა.
ლაშა გამყრელიძე გახლავთ საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი, რომელშიც მოქმედი ქართველი კალათბურთელები არიან გაერთიანებულნი და ამ ორგანიზაციას კარსმოდგარ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია აქვს დასაფიქსირებელი.
გავიხსენოთ გამყრელიძის საკალათბურთო კარიერა: თითქოს გუშინ იყო, ქართულ კალათბურთში ლაშა გამყრელიძე
ზემოთ დროის სწრაფად სვლაზე ვთქვით. გულშემატკივრისთვის ასეცაა, მაგრამ ამ 14 წლის განმავლობაში ლაშამ რამდენი სიხარული და წარმატებასთან ერთად უზარმაზარი მოცულობის შრომა გაიარა, იყო ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნაცნობი ტრავმები და გულისტკივილიც. ლაშა გამყრელიძისთვის 14 წელიწადი ნამდვილი საკალათბურთო მარათონია, რომელიც მან დღეს დაასრულა.
სასტუმრო "ტიფლის დეველოპმენტში" ლაშა გამყრელიძემ საკალათბურთო საზოგადოებას, სხვადასხვა თაობის კალათბურთელებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას, ჟურნალისტებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა.
ლაშამ უპირველესად სამადლობელი სიტყვები ოჯახის წევრების მიმართ წარმოსთქვა, შემდეგ კი არც თავისი დამრიგებელი გურამ მეგრელიძე დაივიწყა. ცხადია, პარტნიორებიც საქებარი ფრაზებით მოიხსენია და ილიას ზუროსიც არ დავიწყნია. ლაშამ ბერძენ სპეციალისტს მადლობა ნაკრებში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნების გამო გადაუხადა, ელადელი მწვრთნელი მაღალი კვალიფიკაციის დამრიგებლად მოიხსენია და იმის რწმენაც გამოთქვა, ზუროსის წინამძღოლობით ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ წარმატებებს რომ მიაღწევს.
ლაშა გამყრელიძეს ვიდეომიმართვებით დაულოცეს პოსტსაკალათბურთო გზა თორნიკე შენგელიამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ. მათ ერთხმად გაუსვეს ხაზი აწ უკვე ყოფილი პარტნიორის მაღალ საკალათბურთო ოსტატობას და გამორჩეულ პიროვნულ თვისებებს. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ოთხეულს მხარი დარბაზში მყოფმა ვიქტორ სანიკიძემაც აუბა. ვიკამ ის დრო გაიხსენა, როდესაც ლაშასთან ერთად დიდ საკალათბურთო გზაზე გადიოდა, შემდეგ იყო მრავალწლიანი პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც აქტიური კარიერის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გაგრძელდება.
ლაშა გამყრელიძის მოქმედი კალათბურთელის სტატუსის შეწყვეტას თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის პირველობების ხუთგზის ტრიუმფატორი, ორგზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძეც გამოეხმაურა. მან ქართული კალათბურთის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ლაშა მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიების ბოლოს სიტყვა კვლავ გამყრელიძემ ითხოვა, რომელმაც განაცხადა:
"მინდა გაცნობოთ, რომ მე გახლავართ საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი. რამდენიმე თვის წინ შექმნილი ამავე პროფილის ორგანიზაციისგან განსხვავებით, ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა 4 წლის წინ და მასში გაერთიანებულია 100-ზე მეტი კალათბურთელი. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი კალათბურთელების უფლებები ყველგან - იქნება ეს სასამართლო, კლუბები თუ კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა.
ჩვენ მომზადებული გვაქვს რიგი საკითხები, რომელსაც განვიხილავთ არჩევნებში გამარჯვებულ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მკაცრად დავიცავთ მოთამაშეების უფლებებს. ჩვენს ორგანიზციას არჩევნებში აქვს 5%-იანი წილი და ამით მოხარულები ვართ, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელის არჩევაში მოქმედი კალათბურთელების ხმა გათვალისწინებულია. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კალათბურთელთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული".
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით