ვინგსმა თბილისი ბასკეტს დამაჯერებლად მოუგო და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

AutoSharing Option
ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა ვინგსმა 91:69 დაამარცხა თბილისი ბასკეტი, 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ტიტულის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია. სერიის რიგით მე-3 შეხვედრა ვერ გამოდგა დაძაბული. ვინგსის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და პირველი პერიოდის შემდეგ სხვაობა 17 ქულა იყო.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილი თბილისი ბასკეტს გასაქანი არ მისცემია. გუნდმა, რომელმაც წინა შეხვედრა დამაჯერებლად მოუგო ჩემპიონობის მოცილეს, ამჯერად უშანსოდ დამარცხდა. ასაკობრივი გუნდების თავისებურებაც ეს არის. სტაბილურობა ყველაზე დიდი პრობლემაა და ვინც ამ კომპონენტში იქნება ძლიერი, წარმატებასაც ის მიაღწევს.

სწორედ ვინგსი გამოირჩევა სტაბილურობით,
რომელსაც იშვიათი ჩავარდნები აქვს და წინა მატჩში ბურჯანაძის გუნდს სწორედ ამასთან ჰქონდა საქმე. ფსიქოლოგიური მომენტიც ბევრს ნიშნავს. ფინალური მატჩები, რომლის თითოეულ შედეგს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ისე ლაღად რეალურად ძლიერი გუნდიც კი ვერ თამაშობს. ვინგსის კალათბურთელებმა წინა შეხვედრაში წაგების შემდეგ ჩვეული რიტმი აღიდგინეს და სწრად, შედეგიან თამაშში თბილისი ბასკეტს საქმე იოლად მოუმთავრეს.

დიდი შესვენებისთვის ვინგსის უპირატესობამ 23 ქულას მიაღწია და ცხადი გახდა, რომ თბილისი ბასკეტი ამ მატჩის გადამრჩენი არ იყო. ვინგსმა მესამე პერიოდში კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა და ბოლო პერიოდი, რომლის დაწყებისას თბილისი ბასკეტი უკვე 27 ქულით ჩამორჩებოდა, ფორმალობად იქცა.

გამარჯვებულებს ირაკლი ახალაიამ ულიდერა – 21 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება. 17 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზეა. 16 ქულა ნიკოლოზ გურგენიძემ მოაგროვა. თბილისი ბასკეტში 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი დარჩია. 12 ქულა ლევან კვირიკაძის ანგარიშზეა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი 16 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება, რომლის მოგების შემთხვევაშიც ვინგსი საქართველოს ჩემპიონი გახდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული