"ჰიუნდაის" გმირობა საპლეიოფო სერიებში და დამსახურებული საჩემპიონო თასი

AutoSharing Option
მამა-შვილის – ნიკო და ირაკლი ჩერქეზიშვილების გაწვრთნილი "ჰიუნდაი" საქართველოს ჩემპიონია. 16 წლამდელთა ჩემპიონატში ჰიუნდაელებმა ფურორი მოახდინეს. უკვე მეორედ, სერიაში 13-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წინა ჯერზე თუკი ფინალში გასვლით გაიხარეს, ამჯერად ჩემპიონობის მოპოვება იზეიმეს.

დიახ, ფინალურ სერიაში პირველი მატჩის 13 ქულით წაგების შემდეგ ჰიუნდაელებმა საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს 78:59 აჯობეს და საჩემპიონო თასთან ერთად ვალერი ალთაბაევისა და ვლადიმერ უგრეხელიძის სახელობის ჯილდო დამსახურებულად ჩაიბარეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ "ჰიუნდაიმ" ფინალში გასასვლელ სერიაში ზაზა ფაჩულიას აკადემია იმავე სტილში დაამარცხა, როცა ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი 13
ქულით წააგო და საპასუხოში 20 ქულით იმარჯვა.

"ჰიუნდაისგან" ძლეულმა ზაზას აკადემიამ ფინალის წინ გამართულ მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში 109:90 დაამარცხა "ქუთაისი" და ბრინჯაოს მედლები მიიღო. აკადემიელებს შესაბამისი მედლები დ დიპლომი სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ გადასცა.

ლაცაბიძემ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრ გაგა გაჩეჩილაძესთან ერთად დააჯილდოვა ფინალის მონაწილეები – ჰიუნდაელებს ოქროს, ხოლო "რუსთავს" – ვერცხლის მედლები გადაეცათ. ჰიუნდაელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდათ – რუსთაველები კი, ცხადია, ძალიან დამწუხრებული იყვნენ. მათ ფინალურ სერიაში 13-ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავეს, თან ისე, რომ საპასუხო მატჩის დასაწყისში 7 ქულით იგებდნენ. შესაბამისად, "ჰიუნდაის" 20-ქულით ჩამორჩებოდა, რა სხვაობაც ჩერქეზიშვილების გაწვრთნილმა "ჰიუნდაიმ" თავისი ოქროს ბიჭების მონდომებით, მწვრთნელთა დავალებების ზედმიწევნით შესრულებით და უბრალოდ, ჯიგრითა და შეუპოვრობით შეძლო.

გამოსარჩევია "ჰიუნდაის" ლიდერის, გიორგი ჭირაქაძის გარჯა, რომელმაც 18 ქულა, 20 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა ნიკოლოზ კუპატაძემ, რომელიც 28 ქულით ფინალური მატჩის ბომბარდირი გახდა. ფინალური სერიის რუსთავში გამართული მატჩის გმირის (ოთხმაგი დუბლი მიითვალა) ანგარიშზე ამჯერად 21 ქულა, 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი დაგროვდა. გიორგი გოგოლაძემ 11 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო რუსთაველთა ლიდერ დათა ვაშაკიძემ მისთვის “მოკრძალებული” 16 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი მიითვალა.

ამ მატჩის მსვლელობისას, კალათბურთის ფედერაციამ დააჯილდოვა დამსახურებული მსაჯი-მდივანი, ამ საქმიანობის 45-წლიანი სჯაჟის მქონე ქაალბატონი ნანა მდივნიშვილი. ქალბატონი ნანა, რომლის კარიერა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, როცა თბილისის სპორტის სასახლეს კაუნასის "ჟალგირისი", მოსკოვის ცსკა, ტალინის "კალევი" და საკავშირო კალათბურთის წამყვანი გუნდები სტუმრობდნენ. ნანა მდივნიშვილმა მსაჯი-მდივნის საკავშირო კატეგორია 1989 წელს მიიღო, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ის გახდა ეროვნული კატეგორიის მსაჯი-მდივანი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სახელით ვულოცავთ ქალბატონ ნანას კარიერულ მრგვალ თარიღს და წარმატებას ვუსურვებთ როგორც საკალათბურთო, ისე პირად საქმიანობაში.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა სტაბილური მოთამაშეები ახლა რატომ არ გააკეთა 3 მაგგი დუბლი ან კუპატაძეს 12 დაკარგვა პირველ შეხვედრაში.ორივე ნაკრების მამიკოს ბიჭები
აბდულა
21:51 06-07-2023
1

სიახლეები პოპულარული