"რაში" საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის პირველი ნახევარფინალისტია

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “რაში”, რომელმაც პირველ ტურში თსუ-ს სძლია, დღეს კი “რუსთავიც” დაამარცხა და A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. დანარჩენი 3 ნახევარფინალისტი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში ჯგუფების გამარჯვებული 3 გუნდი და პლუს 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობაა, 4-გუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი გაუუქმდება. ამ გზით სამივე მეორეადგილოსანს თამაშების თანაბარი რაოდენობა ექნება და საუკეთესო,
ანუ ნახევარფინალის ბოლო საგზურის მფლობელიც გამოვლინდება.

C ჯგუფი | მარგვეთი (ზესტაფონი) vs ქუთაისი
სტატისტიკა: 70:85

"ქუთაისი" პირველ ტურში ისვენებდა და დღეს გამართულ იმერულ დერბიში ზესტაფონის “მარგვეთი” დაამარცხა. ამ მოგებით კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისური გუნდი ფავორიტი გახდა, რადგან დარჩენილ მატჩში გაუ-სთან 13 ქულითაც რომ დამარცხდეს, ჯგუფში მაინც პირველ ადგილზე გავა. აი, 14 ქულით გამარჯვება კი ნახევარფინალში გაუ-ს გაიყვანს.

"მარგვეთისთვის" ყველაფერი დასრულებულია. თითო მოგება-წაგებითაა და ბურთების შეფარდება აქვს -3, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე გასვლა ხომ გამორიცხულია და ვერც მეორე ადგილიდან გავა ნახევარფინალში. რატომ? მოგეხსენებათ, ნახევარფინალში გადის საუკეთესო მეორეადგილოსანი და "მარგვეთი" მეორეზე რომც დაჯდეს, A ჯგუფის ამავე ადგილზე გასულ გუნდს უთუოდ ჩამორჩება, რადგან A ჯგუფში მე-2-ზე გასულ გუნდს ( თსუ-ს ან რუსთავს) აუცილებლად ექნება დადებითი ბურთების შეფარდება.

ასე და ამგვარად, C ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გავიდეს, გაუ-მ 17 იანვარს "ქუთაისი" მინიმუმ 14 ქულით უნდა დაამარცხოს. სხვა შემთხვევაში, პირველზე "ქუთაისია".


B ჯგუფი | დელტა (გურჯაანი) vs ორბი (ტყიბული)
სტატისტიკა: 72:84

დიდი დამთხვევა გამოვიდა, რადგან B ჯგუფშიც ნახევარფინალში გასვლის ზღვარი 14 ქულაზე გადის. აღნიშნულ ჯგუფშიც ერთი მატჩია დარჩენილი, რომელშიც "კავკასია" გურჯაანის “დელტას” ეთამაშება. კახურმა გუნდმა დღეს ტყიბულის "ორბთან" 12 ქულით წააგო, "კავკასიას" კი ტყიბულელები პირველ ტურში 15 ქულით ჰყავს ძლეული. შესაბამისად, გურჯაანის გუნდს მინიმუმ 14 ქულით გამარჯვება სჭირდება, ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გავიდეს. თუკი 13 ქულით იმარჯვებს, პირველზე და შესაბამისად, ნახევარფინალში, დამარცხებული "კავკასია" გავა.

ანალოგიური სიტუაციაა ჯგუფის მე-3 გუნდისთვისაც. იმის გათვალისწინებით, რომ 2 მატჩის ჯამში "ორბს" (თითო მოგება-წაგება) ბურთების უარყოფითი შეფარდება აქვს, მეორე ადგილიდან (თუკი გავიდა), ნახევარფინალში გასვლის შანსი წართმეული აქვს.

ჯგუფის ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა "თბილისი არენაზე" 17 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება: "კავკასია" "დელტას" წინააღმდეგ.

B ჯგუფი | ივერიონი (გორი) vs თსუ
სტატისტიკა: 72:90

რაში vs რუსთავი
სტატისტიკა: 105:100

ერთადერთი ნახევარფინალისტი, რომელიც მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდა, თბილისის “რაშია”. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა, ამ გუნდის ლიდერმა სანდრო სანაძემ კი პლუს, რკინის ნერვები გამოავლინა და "რაშმა" ოვერტაიმში გადაყვანილი შეხვედრა საბოლოოდ სასურველი გამარჯვებით დაასრულა. შესაბამისად, ლეჟავას გუნდი მიუწვდომელი გახდა ნებისმიერისთვის, რადგან ბოლო ტურში გორის "ივერიონთან" რომც წააგოს, მაინც პირველზე გავა, რადგან "რუსთავთანაც" და თსუ-სთანაც დადებითი ბალანსი აქვს – ორივეს მოუგო.

არ შეიძლება არ აღინიშნოს სანაძის რკინის ნერვების შესახებ, რომელმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წამით ადრე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ოვერტაიმში გადასულ თამაშში იგივე გაიმეორა და "რუსთავის" წელში გამტეხი ორქულიანიც მიითვალა. "რუსთავი" ბოლო პერიოდის წინ 12 ქულას იგებდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ახლა ნახევარფინალში გასასვლელად თსუ-ს დამარცხება მართებს.

თავის მხრივ, თსუ-მ პირველ ტურში "რაშთან" დამარცხების შემდეგ "ივერიონს" იოლად მოუგო და "რუსთავი"-თსუ-ს ბოლო ტურის მატჩს ფაქტობრივად ნახევარფინალში გასვლის მნიშვნელობა მიენიჭა. დიდი ალბათობით, ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალში მე-2 ადგილიდან გავა, თუმცა თეორიული შანსი სხვა ჯგუფებში მეორე ადგილის დამკავებელ გუნდებსაც აქვთ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული