საქართველოს თასი. ფინალი: გოლდენსტეიტისებურად

AutoSharing Option
მერამდენე?
"ქუთაისმა" საქართველოს თასი მეორედ მოიგო. პირველად ეს ჯილდო 2014 წელს აღმართა, მეორედ კი - შაბათს, თბილისში, "დინამოს" ძლევის შემდეგ.

სუპერლიგის გუნდთაგან ყველაზე მეტჯერ თასი სწორედ დინამოელებს აქვთ მოგებული (სამჯერ), შაბათს კი უპირატესობის კიდევ უფრო განვრცობა შეეძლოთ, მაგრამ...

ქვეთავის შეკითხვა "მერამდენე" მხოლოდ თასს არ ეხება, მატჩის მსვლელობისას ჟურნალისტებში დაისვა შეკითხვა - ამ სეზონში მერამდენედ ხვდებიან ერთმანეთს "დინამო" და "ქუთაისი"? პასუხი:

- მეშვიდედ.
- როგორია მოგება-წაგებათა თანაფარდობა?
- 6:0, დინამოს სასარგებლოდ.

სწორედ ამიტომ ბევრი "დინამოს" მეშვიდე გამარჯვებას ელოდა. რადგან ასე არ მოხდა,
გაჩნდა ახალი შეკითხვა:

როგორ?
როგორ მოახერხა "ქუთაისმა" ირაკლი ხოშტარიას გუნდის ძლევა? "დინამოს" ხომ მთელი სეზონის განმავლობაში სამად-სამი წაგება ჰქონდა. დიღმელებს იმდენად კარგად აწყობილი გუნდი ჰყავთ, მათი გატეხვა თუ გინდა, რაღაცა განსაკუთრებული უნდა მოიგონო. თუმცა მოგონება ერთია, განხორციელება - მეორე.

ქუთათურებმა მოიგონეს კიდეც და უმაღლეს დონეზე განახორციელეს, სწორედ ისე, როგორც ამას "გოლდენ სტეიტი" აკეთებს.

"ქუთაისის" NBA-ს გრანდთან გაიგივება მეტისმეტი ხომ არ არის? - იკითხავს მავანი. არ ვაიგივებთ, უბრალო პარალელს ვავლებთ:

თბილისური მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ზაურ ფაშაევმა სამქულიანი რომ ჩააგდო, ტაბლოზე იმერელთა სასარგებლოდ 46:21 აენთო - 25-ქულიანი სხვაობა! "გოლდენ სტეიტმა" "პორტლენდთან" მეოთხე მატჩში პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, სწორედ 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (36:11). იცით, ეს რის ხარჯზე მოახერხა? - სამქულიანებისა და კარგი დაცვის: ზაზას თანაგუნდელებს მეორე პერიოდის დასაწყისისთვის 10-დან 9 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული.

ძახილის ნიშანი შემდეგი წინადადებისთვის შემოვინახოთ: ფაშაევის სამქულიანი მე-9 შორეული რეალიზებული ტყორცნა იყო - "ქუთაისს" იმ მომენტისთვის სწორედ 10-დან 9 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული! გოლდენსტეიტისებურად...

ჯერ გიგი ბარბაქაძემ გაისროლა, შემდეგ ბექაურმა, ამას მოჰყვა ცინცაძისა და ფაშაევის სამიანები, ხოლო შეცვლაზე შესულმა ლომოურმა კიდევ უფრო გაურთულა საქმე დინამოელებს - პირველ ტაიმში 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა.

ასე რომ, კოტე ტუღუშის ელვისებური შეტევის გეგმამ გაამართლა, თუმცა აკი ვთქვით, "დინამოს" გატეხვა რთულიაო. ხოშტარიას შეგირდები სულაც არ აუღელვებია 25-ქულიან ჩამორჩენას, პირიქით, მეორე ტაიმიდან პერიმეტრიც გადაკეტეს და ანგარიშის შემცირებასაც მიჰყვეს ხელი.

საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე დეონტა ვონმა სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა (62:68). თუმცა მომდევნო სამ წუთში "ქუთაისი" 10:2 გაიქცა და 78:64 დაწინაურდა... ამ სპურტში 6 ქულა ისევ და ისევ სამქულიანებიდან იყო - ჯერ ბექაურმა ჩააგდო, შემდეგ - კაპიტანმა ცეკვავამ, რის შემდეგაც ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა ერთხმად დასძახეს სიმღერა - კაპიტანო...

ვინ?
"ქუთაისმა" საბოლოოდ 29-დან 13 სამიანი ჩააგდო, თუმცა მხოლოდ ერთ კომპონენტში მაღალი შედეგიანობით თასის მოგება შეუძლებელი იქნებოდა. ფარქვეშ მყარად იდგნენ ტუბაკი, ბექაური და ქადარია, ხოლო თამაშის ორგანიზების მშვენიერი მაგალითი მოგვცა საქართველოს ნაკრების პლეიმეიქერმა ცინცაძემ, რომელმაც მატჩი 12 ქულით, 6-6 მოხსნა-პასითა და 4 ჩაჭრით დაასრულა.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ჩემპიონი პლეი ოფს მშვენიერ ფორმაში ხვდება, ისევე, როგორც რეგულარული ეტაპის გამარჯვებული "დინამო".

რომ არა დიდი კონცენტრაცია და შესაბამისი კონდიციები, შეცდომების რაოდენობაც არ იქნებოდა მიზერული და ვერც თამაში გამოვიდოდა თვალსასეირო. "დინამომ" 10-ჯერ დაკარგა ბურთი, "ქუთაისმა" - 13-ჯერ.

მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა ფინალის საუკეთესო კალათბურთელი. სპეციალური ჯილდო ქუთაისელთა ფორვარდ აკაკი ლომოურს გადაეცა, რომელმაც 24 წუთში 19 ქულა ჩააგდო.

"დინამომ" ამ სეზონში ყველა მატჩი მოგვიგო, რაც ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის. ბოლომდე ვიბრძოლეთ და შედეგიც მივიღეთ. მაქსიმუმი გავიღეთ და სოლიდურ მეტოქეს პრინციპული მატჩი მოვუგეთ. რაც შეეხება ჩემს ტიტულს, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ბიჭები ყველანაირად გვერდში მედგნენ და ეს ჯილდო მათაც ეკუთვნით. მაისიდან ახალი გამოწვევის წინაშე დავდგებით - წინ სუპერლიგის პლეი ოფია", - აღნიშნა აკაკიმ.

- გახარებული იყო "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში:

"ვულოცავ ჩვენს გუნდს და ქუთაისელებს ამ გამარჯვებას. თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. "დინამოსთან" მიმდინარე სეზონში ბევრი მატჩი წავაგეთ და წინ სავარაუდოდ, არაერთი დაძაბული ბრძოლა გველის. დღეს კი ჩვენი დღე იყო. ბიჭებმა დამაჯერებლად ითამაშეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ტიტულის მოგება ერთიანი ძალებით მოვახერხეთ".

საქართველოს თასი. ფინალი
29 აპრილი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 77:86
9:26, 25:26, 26:16, 17:18
დინამო: ვონი (15ქ, 9მ, 7პ), გრძელიძე (12ქ), ლონდარიძე (25ქ, 6მ), ფაცაცია (4ქ, 10მ, 4პ), ჭოჭუა, მარავიჩი (5ქ), რევაზაშვილი, ბერიშვილი (16ქ).
ქუთაისი: ბოისა (7ქ), ცეკვავა (11ქ, 5მ, 6პ), ფაშაევი (12ქ), ქადარია (2ქ), ცინცაძე (12ქ, 6მ, 6პ, 4ჩ), ბარბაქაძე (6ქ), ლომოური (19ქ), ტუბაკი (9ქ, 8მ), ბექაური (8ქ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული