ფოტო: gbf.ge
გაირკვა თასის გათამაშების კიდევ ერთი ნახევარფინალისტი. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა "დელტამ" "ბათუმს" 92:65 სძლია და მეოთხედფინალური სერია 2:1 მოიგო.
"დელტას" მეტოქე ნახევარფინალში "თსუ-ჰიუნდაისა" და "მგზავრებს" შორის გამარჯვებული იქნება. ამ გუნდების სერიაში 1:0 იგებენ "თსუ-ჰიუნდაელები" და 2 აპრილს სერიის მეორე შეხვედრაა დანიშნული.
რაც შეეხება "დელტასა" და "ბათუმის" მატჩს, საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, რომ თბილისურმა გუნდმა იოლად იმარჯვა. ასეც იყო: მეტ-ნაკლებად თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც "დელტამ" 22:18 მოიგო, შემდეგ კი ინიციატივას სრულად დაეპატრონა და შეხვედრა ისე ჩაამთავრა,
პრობლემა არ შექმნია.
მეორე მეოთხედი ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის სასარგებლოდ – 25:16 დასრულდა და დიდი შესვენებისთვის "დელტას" ლიდერობამ 13 ქულა შეადგინა. თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ნახევარიც და საბოლოოდ "დელტას" 27-ქულიანი გამარჯვებაც დაფიქსირდა.
თბილისურ გუნდში 15 ქულით ბომბარდირი გახდა მალკოლმ დრამრაითი, მთლიანობაში კი "დელტას" 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. "ბათუმში" 13 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლევან ელიაძე.
თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის 2 შეხვედრა ხვალ, 2 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
"მგზავრები" – "თსუ-ჰიუნდაი" 16:00
"ტიტები" – "ოლიმპი" 18:00
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით