* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს 53 ქვეყანა, რომელიც ევროპისთვის გამოყოფილი 13 საგზურისთვის იბრძვის.
* აქედან ჯერ არავის მოუპოვებია მუნდიალის საგზური.
* მეტიც, ჯერ არავის გაუნაღდებია პლეი ოფში თამაში მაინც.
* მხოლოდ სამი ნაკრებია, რომელთაც გაინაღდეს მეორე ადგილი (და არა პლეი ოფი): ესპანეთი, ბელგია და ხორვატია. სხვათა შორის, ბოლო ორი ერთ ჯგუფშია (A).
* გუნდების ძირითად ბირთვს (29
* 7 ნაკრებს მხოლოდ პლეი ოფით შეუძლია მუნდიალზე მოხვედრა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ჯგუფში არის საქართველოს ნაკრებიც, რომლის შანსიც ძალიან თეორიულია.
* 14 ნაკრები საერთოდ ჩამოსცილდა მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას. ჩვენს ჯგუფში ასეთი ბელორუსის ნაკრებია. სხვათა შორის, A ჯგუფში ასეთი ერთბაშად 4 ნაკრებია.
* უკვე გადაწყვეტილია, რომ მუნდიალზე ვერ ვიხილავთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიც სერბეთი და შოტლანდიაა.
9 შესარჩევი ჯგუფი, სატურნირო მდგომარეობების მიხედვით, 3 კატეგორიად გავყავით.
1-ელი კატეგორია
A და I (ანუ ჩვენი) ჯგუფები:
აქ არიან მკვეთრად გამორჩეული ორი ნაკრები, რომელთაგან ერთი ფავორიტია და დანარჩენები, რომელთაც პრაქტიკული შანსი აღარ აქვთ (ზოგჯერ არც თეორიული).
* A ჯგუფში ბელგიის ნაკრები 22 ქულით ლიდერია, ორი ტურით ადრე ის ხორვატიას 5 ქულით უსწრებს. დანარჩენ 4 ნაკრებს კი არც პრაქტიკული და არც თეორიული შანსი არა აქვს: სერბეთი, მაკედონია, უელსი და შოტლანდია. არადა, საკმაოდ ძლიერი კვარტეტია. ასე რომ, მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელი გარეთ ბეილი, რომელიც სხვათა შორის, ამ ჯგუფის ბომბარდირია 4 გოლით, მუნდიალზე ვერ ითამაშებს.
* 10 სექტემბერს ამ ჯგუფში არც არაფერი გაირკვევა, მხოლოდ ის გუნდები თამაშობენ, რომელთაც გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.
* ჩვენს ქვეჯგუფშიც თითქმის იგივე სიტუაციაა. უბრალოდ, საფრანგეთს ჯერ არ აქვს განაღდებული მე-2 ადგილი და შესაბამისად, ფინეთსა და საქართველოს მე-2 ადგილის დაკავების თეორიული შანსი შერჩათ.
* საკმარისია, 10 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრებმა მინსკში ქულა აიღოს, რომ საქართველო ამ თეორიულ შანსს კარგავს; ან მოიგებს და შანსს ორივე გუნდი დაკარგავს. ამასთან, საფრანგეთის ნაკრების წაგების შემთხვევაშიც კი ის გუნდი, რომელიც 10 სექტემბერს თბილისში ვერ მოიგებს, თეორიულ შანსს გამოეთხოვება.
მე-2 კატეგორია
B და E ჯგუფები
ჯგუფები, სადაც ყველაზე დაძაბული სიტუაციაა და მუნდიალზე გასვლის შანსი ჯერ ერთ ნაკრებსაც კი არ დაუკარგავს.
* B ჯგუფში რეალურად მე-2 ადგილისთვის მიდის მთავარი ბრძოლა, რადგან პირველ ადგილზე მყოფი იტალია (17 ქულა) 7 ქულით უსწრებს ბულგარეთს. რჩება 3 ტური.
* 10 სექტემბერს იტალიის ნაკრებს მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად შინ ჩეხების დამარცხება ჰყოფნის.
* მეორე ადგილისთვის კი ბრძოლა ახლა იწყება: ბულგარეთი მხოლოდ ქულით უსწრებს ჩეხეთს, სომხეთსა და დანიას. თეორიული შანსი მალტის ნაკრებსაც შერჩა.
* უკვე მეორე შესარჩევი ციკლია ზედიზედ, როცა სომხეთის ნაკრები გასვლის პრაქტიკულ შანსს ინარჩუნებს ბოლო ტურებამდე!
* უფრო დაძაბული სიტუაციაა E ჯგუფში, სადაც ლიდერ შვეიცარიას (15 ქულა) ისე მყარად არ აქვს საქმე, როგორც ზემოთ ნახსნებ ჯგუფში იტალიას. შვეიცარია მხოლოდ 4 ქულით უსწრებს ნორვეგიას და 5-ით ალბანეთსა და ისლანდიას, ხოლო 6-ით სლოვენიას. აქ თეორიული შანსი კვიპროსსაც შერჩა.
* მაგრამ ამ ჯგუფის მთავარი საფრთხე ისაა, რომ დღეის გათვლით, სწორედ აქ მე-2 ადგილზე გასული ნაკრები ვერ მიიღებს პლეი ოფში თამაშის უფლებას, რადგან მას 9 ჯგუფში უარესი მაჩვენებელი ექნება.
მე-3 კატეგორია
დანარჩენი ყველა ჯგუფი (C, D, F, G, H)
ამ ჯგუფების დამახასიათებელია 2-2 გამოკვეთილი აუტსაიდერი, რომლებიც უბრალოდ, ჩამოშორდნენ ბრძოლას (5 ჯგუფში ამ აუტსაიდერთაგან მხოლოდ ესტონეთს შერჩა თეორიული შანსი). დანარჩენები კი ბოლომდე იბრძვიან.
* C ჯგუფში გერმანიის ნაკრებს (19 ქულა) 5-ქულიანი უპირატესობა აქვს შვედეთთან და სამი ტური რჩება. მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში კი შვედეთი 3-3 ქულით უსწრებს ავსტრიას და ირლანდიას. ყაზახეთი და ფარერები უკვე გავარდნენ.
* თუკი 10 სექტემბერს შვედეთის ნაკრები ვერ მოიგებს ყაზახეთში და გერმანია ფარერის კუნძულებზე იმარჯვებს, იოახიმ ლიოვის გუნდი მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.
* D ჯგუფში თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ესტონელებმა სენსაციით მცირე კორექტივები შეიტანეს. ჰოლანდიის ნაკრები (19 ქულა) პირველ ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს რუმინეთს.
* 10 სექტემბერს ჰოლანდია ალბათ დაამარცხებს ანდორას, მაგრამ ამით მხოლოდ პრაქტიკულად გაინაღდებს საგზურს, თუ რუმინეთი შინ მოუგებს თურქეთს.
* თუ რუმინეთი ვერ მოიგებს და ჰოლანდია იმარჯვებს, ლუის ვან გაალის გუნდი მუნდიალზეა.
* F ჯგუფში პირველი ადგილისთვის ძალზე დაძაბული ბრძოლაა - პორტუგალია 2 ქულით უსწრებს რუსეთს, მაგრამ მასზე თამაშით მეტი აქვს გამართული. 10 სექტემბერს აქ მუნდიალის საგზური ვერ დარიგდება.
* G ჯგუფში 16-16 ქულით ბოსნია და საბერძნეთი ლიდერობენ. აქაც ყველაფერი წინაა.
* H ჯგუფშიც ანალოგიური სიტუაციაა - 15-15 ქულით ლიდერობენ ინგლისი და ჩერნოგორია (1 თამაშით მეტი), 14 ქულა აქვს უკრაინას.
* 10 სექტემბერს მთავარი მატჩია - უკრაინა-ინგლისი, თუმცა საგზურისთვის ამ ჯგუფშიც ოქტომბერს უნდა დაველოდოთ.
10 სექტემბერს მუნდიალის საგზურის მოპოვება შეუძლიათ:
შვეიცარიას - თუ დაამარცხებს ნორვეგიას.
იტალიას - თუ შინ ჩეხეთს დაამარცხებს.
ჰოლანდიას - თუ სტუმრად მოუგებს ანდორას და რუმინეთი შინ ვერ მოუგებს თურქეთს.
გერმანიას - თუ ფარერებზე მოიგებს და შვედეთი ყაზახეთში ვერ მოიგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა. საკვალიფიკაციო მატჩები: სენსაციების დღე ევროპაში