გერმანიის ნაკრები: ვინ წააგო და ვინ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრიასა და ფარერებთან მოგებული მატჩების შემდეგ გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში თითქმის გაინაღდა - სასწაული უნდა მოხდეს, რომ ზედიზედ ორი შეხვედრის 3:0-ით მოგების შემდეგ ბუნდესგუნდი ბრაზილიაში გასამგზავრებელი გუნდების სიის მიღმა დარჩეს.

იოახიმ ლიოვის გუნდი 8 ტურის შემდეგ C ჯგუფს 22 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან შვედეთს (17 ქულა) 5 ქულით უსწრებს.

ამრიგად, მომდევნო ტურში გერმანიის ბედი უკვე გერმანიის ხელში იქნება: ირლანდიასთან ფრეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბუნდესნაკრებმა მუნდიალის საგზური უკვე ოფიციალურად გაიფორმოს.

ფარერების უსუსტესი ნაკრების წინააღმდეგ გერმანელებს არ უფრენიათ, თუმცა მატჩი
მაინც 3:0 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავალება შეასრულეს.

"როცა მეტოქის ათივე ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოს იცავს, რაც უნდა სუსტი ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული, ასეთი "ბეტონის" გარღვევა ყოველთვის ძნელია. მიუხედავად ამისა, მაინც 3:0 მოვიგეთ და ყველანი კმაყოფილები ვართ.

ამრიგად, ბრაზილიას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით და უკვე ცხადია, რომ მუნდიალის საგზურს ვეღარავინ წაგვართმევს,"
- ეს ბუნდესგუნდის ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის სიტყვებია.

"ბილდმა" ავსტრიასა და ფარერებთან მატჩების შემდეგ გერმანიის ნაკრებში შექმნილი ვითარება შეაჯამა და ის ფეხბურთელები გამოყო, რომლებმაც ლიოვი სასიამოვნოდ გააოცეს ან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ.

მოგებულები
პერ მერტეზაკერი (28 წლის): აყლაყუდა მცველმა ფარერებთან გერმანიის ნაკრების ფორმით 93-ე მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა. პერი არა მარტო ფარერებთან, არამედ ავსტრიასთანაც ერთ-ერთი საუკეთესო ბუნდესგუნდელი იყო.

გერმანელი ექსპერტების აზრით, პირველ რიგში, სწორედ მერტეზაკერის დამსახურებაა ის, რომ ამ მატჩებში გერმანიის ნაკრების დაცვა დასტაბილურდა და ბუნდესგუნდმა კარი მშრალად შეინახა.

ჟერომ ბოატენგი (25 წლის): ლიოვი "ბაიერნის" მცველს ენდო და მისცა შანსი, რომელიც ბოატენგმა უნაკლოდ გამოიყენა. ჟერომმა ორივე შეხვედრაში კარგად ითამაშა და მატს ჰუმელსი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო.

მიროსლავ კლოზე (35): ავსტრიასთან გატანილი გოლით მირომ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა (68-ე გოლი გერმანიის ნაკრების ფორმით). კლოზე ამ რეკორდს 325 დღე ელოდა. 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ლიოვი ძირითად ცენტრფორვარდად სწორედ მიროს მოიაზრებს.

წაგებულები
მატს ჰუმელსი (24): "დორტმუნდის" დაცვის ბურჯი ყველასათვის მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა - ლიოვი დაცვის ცენტრში უპირატესობას მერტეზაკერისა და ბოატენგის ტანდემს ანიჭებს, თუმცა ამბობს, რომ ჰუმელსზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია. მატსის პრობლემა ისიცაა, რომ ბოლო დროს ვეღარც კლუბშია მოწოდების სიმაღლეზე.

მარიო გომესი (28): "ფიორენტინაში" გადაბარგებული გომესი კლოზესთან ბრძოლაში უშანსოდ ჩანს. მარიომ ავსტრიასა და ფარერებთან სათადარიგოთა სკამზე ჯამში 180 წუთი გაატარა. ლიოვმა მას თვით მაქს კრუზეც კი ამჯობინა - ეს უკანასკნელი შეცვლაზე ათამაშა, გომესი კი სკამზე დატოვა.

ლარს ბენდერი (24): ლევერკუზენელს იმედი ჰქონდა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერისა და ილქაი გიუნდოგანის არყოფნაში რამდენიმე წუთს მაინც ითამაშებდა, მაგრამ ავსტრიასთან მატჩის წინ დაშავდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული