ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთი ამერიკა. XVII ტური: ყველაფერი გარკვეულია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, სამხრეთ ამერიკის ზონაში კიდევ ერთი ტურია გასამართი, მაგრამ თითქმის ყველაფერი უკვე გარკვეულია.

არგენტინამ და კოლუმბიამ საგზურები მოიპოვეს, ეკვადორი და ჩილე კი 99,9 პროცენტით მესამე-მეოთხე ადგილებს დაიკავებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ურუგვაი მუნდიალის საგზურის მოპოვებას კვლავ პლეი ოფში ეცდება...

ყველაფერი გარკვეულია
პირველი სამი მატჩი ერთდროულად გაიმართა და შეხვედრები ისეთი შედეგებით დასრულდა, რომ ბოლო ტურს ინტრიგა თითქმის აღარ შერჩა. ვენესუელამ, რომელსაც მეხუთე ადგილზე გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა, ეს შანსიც ვერ გამოიყენა და აუტსაიდერ პარაგვაის დაუზავდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ
ამერიკის ერთადერთი ნაკრები, რომელსაც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია, სწორედ ვენესუელა გახლავთ. უგო ჩავესის სამშობლოს წარმომადგენლებს ლოდინი მომავალ, 2018 წლის ჩემპიონატამდე მოუწევთ.

უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა კიტოში, სადაც ორი კონკურენტის ჭიდილში გამარჯვება ეკვადორს დარჩა და მესამე ადგილზე გადავიდა. მასპინძლებმა ჯეფერსონ მონტეროს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეკვადორმა ურუგვაის ისტორიაში სულ მეოთხედ მოუგო და ამ მარცხის გამო მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი იორდანიასთან სათამაშოდ უნდა მოემზადოს.

"სელესტეს" მე-4 ადგილის დაკავების თეორიული შანსი კი შერჩენილი აქვს, მაგრამ რეალურად, ეს შანსი მიზერულზე მიზერულია. საქმე იმაშია, რომ ბოლო ტურში ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდის კონკურენტები, ეკვადორი და ჩილე, ერთმანეთს ხვდებიან. ფრე ორივე გუნდს მუნდიალის საგზურს მოუტანს და წარმოუდგენელია, რომ რომელიმე გუნდმა თავი გამოიდოს და მატჩის მოგება სცადოს.

უკვე პლეი ოფზე ფიქრობს თავად ტაბარესიც, რომელიც ჟურნალისტებს მატჩის შემდეგ შეხვდა:

"ბედნიერი, რა თქმა უნდა, არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ მუნდიალზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი მაინც გვაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფის გზით მოხვედრა სამარცხვინო ნამდვილად არაა. შეგახსენებთ, რომ წინა მუნდიალზე სწორედ ასე მოვხვდით და საბოლოოდ, მეოთხე ადგილიც დავიკავეთ".

სასწაული ბარანკილიაში
ბარანკილიაში ნამდვილი სპექტაკლი გაიმართა. პირველი ტაიმის შემდეგ კოლუმბია ჩილესთან 0:3-ს აგებდა, მაგრამ ხოსე პეკერმანის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და მეორე 45 წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მოგების შემთხვევაში ჩილე ჩემპიონატზე გამგზავრების უფლებას მიიღებდა, მაგრამ ხორხე სამპაოლის შეგირდებისთვის ფრეც ნორმალური შედეგი გამოდგა. კოლუმბიამ კი ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა და ეს ნაკრები, 1998 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

რადამელ ფალკაომ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ნაკრებში საკუთარი მონაგარი 19-მდე გაზარდა. "ელ ტიგრემ" ფრედი რინკონი ჩამოიტოვა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე მყოფ ფაუსტინო ასპრილიას მიუახლოვდა. ასპრილიას ანგარიშზე 20 გოლია, პირველზე კი 25 ბურთით არნოლდო აგარანია.

სხვათა შორის, მასპინძელთა მხრიდან პირველი გოლის ავტორი ტეოფილო გუტიერესი ამ სიის ათეულში შევიდა - ტეომ ნაკრებში თავისი მე-11 გოლი გაიტანა (6 ამ შესარჩევში) და კარლოს ვალდერამას წამოეწია.

ფალკაოს მსგავსად, ეროვნულ გუნდში თავისი მე-19 გოლი გაიტანა კლაუდიო პისარომ, თუმცა ვეტერანის გარჯა არგენტინის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა.

ლეო მესის, გონსალო იგუაინის და ხავიერ მასკერანოს გარეშე მოთამაშე "ალბისელესტემ" გადახალისებული შემადგენლობით წარმდგარ სტუმრებს უპრობლემოდ მოუგო. ესეკილ ლავეციმ, ვისაც აქამდე ეროვნულ გუნდში სულ ორი გოლი ჰქონდა გატანილი, დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი ბურთი კი როდრიგო პალასიოს ანგარიშზეა.

ალეხანდრო საბელიამ არ ათამაშა მაური იკარდი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო. ვნახოთ, შესაძლოა არგენტინელთა დამრიგებელმა "ინტერის" ახალგაზრდა ფორვარდი მომდევნო შეხვედრაში, ურუგვაის წინააღმდეგ გამოიყვანოს.

შესარჩევი ეტაპის ბოლო ტური 15 ოქტომბერს (ჩვენი დროით უკვე 16 იქნება) გაიმართება. ყველაზე საინტერესო მატჩი, რა თქმა უნდა, სამხრეთამერიკული ფეხბურთის კლასიკა - ურუგვაი-არგენტინა იქნება. სატურნირო ინტრიგა კიდევ მხოლოდ ერთ შეხვედრას, ჩილე-ეკვადორს აქვს შერჩენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყველანაირი ლოგიკით, ეს მატჩი ფრედ უნდა დასრულდეს...

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთი ამერიკა. XVII ტური

ეკვადორი-ურუგვაი 1:0
გოლი: 1:0 ჯეფერსონ მონტერო (30)
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - რეასკო, გაგა, ერასო, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, ნობოა, ს. კასტილიო, ჯეფერსონ მონტერო (82. რ. იბარა) - ე. ვალენსია (71. ხოაო როხასი - 90. ბოლანიოსი), ფ. კაისედო
ურუგვაი (3-4-1-2): მუსლერა - ხ. ხიმენესი, გოდინი, ლუგანო - მაქსი პერეირა (65. ფორლანი), გარგანო (72. ა. სილვა), არევალო რიოსი, ფუსილე - კ. როდრიგესი (78. გ. რამირესი) - სუარესი, კავანი

კოლუმბია-ჩილე 3:3
გოლები: 0:1 ვიდალი (19-პენ), 0:2 ა. სანჩესი (22), 0:3 ა. სანჩესი (29), 1:3 ტეო გუტიერესი (69), 2:3 ფალკაო (75-პენ), 3:3 ფალკაო (84-პენ)
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - ს. მედინა (46. გუარინი), ლ. პერეა, იეპესი, არმერო - კუადრადო, კ. სანჩესი (67. ბაკა), აგილარი (46. მ. ტორესი), ჯ. როდრიგესი - ტეო გუტიერესი, ფალკაო
ჩილე (3-4-1-2): ბრავო - მ. გონსალესი, მედელი, გ. ხარა - ისლა (53. ხოსე როხასი), კარმონა, ვიდალი, მენა - ვალდივია (61. ბოსეჟური) - ა. სანჩესი, ე. ვარგასი (69. ფ. სილვა)
გაძევება: კარმონა (66. ჩილე)

ვენესუელა-პარაგვაი 1:1
გოლები: 0:1 ე. ბენიტესი (28), 1:1 სეიხასი (82)
ვენესუელა (4-4-2): დანი ერნანდესი - ა. გონსალესი (77. სეიხასი), ვისკარონდო, ამორებიეტა, როსალესი - რ. ოტერო (64. არისტეგიეტა), ოროსკო, ლუსენა, არანგო - მიკუ, ი. მარტინესი (71. ა. პენია)
პარაგვაი (4-3-3): ვილიარი - ბონეტი, პ. და სილვა, გ. გომესი, ხ. ალონსო - ვ. კასერესი, ვ. აიალა, მინიო (86. ხორხე როხასი) - ე. ბენიტესი (57. ო. რომერო), სანტა კრუსი, ო. კარდოსო (66. ფ. ოვიედო)

არგენტინა-პერუ 3:1
გოლები: 0:1 კ. პისარო (21), 1:1 ლავეცი (23), 2:1 ლავეცი (35), 3:1 პალასიო (47)
არგენტინა (4-2-3-1): ს. რომერო - საბალეტა, გარაი, ფ. ფერნანდესი, როხო - ბანეგა, ბილია - ლავეცი (87. მაქსი როდრიგესი), დი მარია (90. სომოსა), პალასიო (80. ლამელა) - აგუერო
პერუ (4-4-2): პენი - აპარისიო, დუარტე, გამბეტა, ე. გომესი (46. ბენავენტე) - პ. ურტადო, ბალიონი, ლ. რამირესი (84. ი. რეინა), ხ. ვარგასი - ა. კარილიო (69. ვილჩესი), კ. პისარო

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 15 9 5 1 33-12 32
2. კოლუმბია 15 8 3 4 25-12 27
3. ეკვადორი 15 7 4 4 19-14 25
4. ჩილე 15 8 1 6 27-24 25
5. ურუგვაი 15 6 4 5 22-23 22
6. ვენესუელა 16 5 5 6 14-20 20
7. პერუ 15 4 2 9 16-25 14
8. პარაგვაი 15 3 3 9 16-29 12
9. ბოლივია 15 2 5 8 16-29 11

ბომბარდირები
: 10 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 9 - ფალკაო (კოლუმბია), იგუაინი (არგენტინა); 6 - ფ. კაისედო (ეკვადორი), ტეო გუტიერესი (კოლუმბია)

ბოლო ტური
16 ოქტომბერი:
ურუგვაი-არგენტინა, ჩილე-ეკვადორი, პარაგვაი-კოლუმბია, პერუ-ბოლივია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კოლუმბიაში მუნდიალზე გასვლის ზეიმს 5 ადამიანი შეეწირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული