სიახლე "ლომების" ბანაკში: სტერლინგი სარეზერვო სიაშია

AutoSharing Option
უკვე დიდი ხანია, ინგლისის ნაკრებს ისე კარგად არ უთამაშია, როგორც ეს ჩერნოგორიასთან მოახერხა. "სამ ლომს" 90 წუთის განმავლობაში საკუთარი უპირატესობა წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და მეტოქე, საბოლოო ჯამში, ნაცარტუტად აქციეს. საუკეთესოები იყვნენ უეინ რუნი და ანდროს ტაუნსენდი. ამ უკანასკნელმა პირველად ითამაშა ეროვნული გუნდის სასტარტოში და პირველი გოლი გაიტანა.

ამას გარდა, "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ძალიან დიდი "შავი სამუშაო" გასწია. მან საკუთარ გუნდს ნახევარდაცვაში კოლოსალური უპირატესობა მოაპოვებინა. 22 წლის შუახაზელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როი ჰოჯსონი
შეგირდის თამაშით კმაყოფილი დარჩა:

"ანდროსმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს გამარჯვებაში. ის კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ნაკრებში დებიუტი და თანაც ასეთი ეფექტური, ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველივეს გამო ის დიდ პატივისცემას იმსახურებს. ტაუნსენდი თავის საქმეს აკეთებდა მშვიდად და ემოციების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ამას "ქუინზ პარკსა" და "ტოტენჰემში" მიგვაჩვია".

თამაშის დასრულების შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე იყო უეინ რუნი. მისი თქმით, ინგლისს სრული უფლება აქვს, მომავალს ოპტიმისტურად ელოდოს.

"მიუხედავად საწინააღმდეგოს მტკიცებისა, ინგლისს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეების მთელი ჯგუფი ჰყავს. უბრალოდ, ყური დაუგდეთ, ვის გვარებსაც ჩამოგითვლით - ჯონსი, სმოლინგი, ტაუნსენდი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სტერლინგი, უოლკოტი, უელბეკი, სტარიჯი. უნიჭოს ვერც ერთ მათგანს ვერ უწოდებთ.

პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ ინგლისს ამდენი კარგი ახალგაზრდა ეზრდება,"
- განაცხადა რუნიმ.

სტერლინგი დამატებით სიაში
ჰოჯსონის გუნდს "უემბლიზე" 15 ოქტომბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. ამჯერად - პოლონეთთან, სადაც საბოლოოდ უნდა გაირკვეს, ინგლისი პირდაპირ დაიბევებს ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თუ შორი გზით მოუწევს მოვლა. იმაში, რომ მასპინძლებს შესანიშნავი შანსები აქვთ მიზნის მისაღწევად, საფეხბურთო ექსპერტებიც და ტოტალიზატორებიც თანხმდებიან.

პოლონეთთან ინგლისს ორი ფეხბურთელი არ ეყოლება: ტომ კლევერლიმ ტრავმა მიიღო და სამკურნალოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე დაბრუნდა, კაილ უოლკერმა კი, შეიძლება ითქვას, უაზრო "ყვითელი" მიიღო და დისკვალიფიცირებულია. უკანასკნელს დაცვის მარჯვენა ფლანგზე ალბათ ფილ ჯონსი შეცვლის, კლევერლის კი შეკრებაზე რაჰემ სტერლინგი ჩაანაცვლებს.

გადამწყვეტი შერკინება
ინგლისს უკვე განიარაღებულ პოლონეთთან მოუწევს გამარჯვებისთვის ბრძოლა. პარასკევს კიევში მინიმალური ანგარიშით მარცხის შემდეგ ვალდემარ ფორნალიკის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. "უემბლიზე" ის მხოლოდ საკუთარი პრესტიჟის გადასარჩენად თუ ითამაშებს.

ინგლისის კაპიტანი სტივ ჯერარდი თანაგუნდელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს. მან იცის, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. აი, რა თქვა ჯერარდმა "ლივერპულის" ვებგვერდთან ინტერვიუში:

"მიზანი მხოლოდ სანახევროდ არის მიღწეული. პოლონეთს კარგი გუნდი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩერნოგორიის მსგავსად ყველაფერს გააკეთებს, რათა მაქსიმალურად გაგვირთულოს ამოცანა. ამიტომაც ვამბობ, რომ სამშაბათს ისევე კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ უკეთ არა, როგორც წინა შეხვედრაში.

კარგი იქნებოდა, მეტოქე იმედგაცრუებული და მოტივაციადაკარგული გამოსულიყო ჩვენთან სათამაშოდ, მაგრამ ამის თქმის საფუძველი არ გაგვაჩნია. წარმოიდგინეთ, ითამაშო "უემბლიზე" და ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვო, ამაზე მეტი მოტივაცია რაღა საჭიროა? ასე რომ, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ მეტოქე სრულად კონცენტრირებული იქნება".


მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა "დეილი მირორთან" პოლონელთა ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმაც:

"შესაძლოა, ჰარტი შეცდომებს ხანდახან უშვებდეს კიდეც, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან ძლიერია თავის საქმეში. შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაში "სიტი"-"დორტმუნდის" მატჩისას მან წარმოუდგენელი მომენტები აიღო. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მეკარისა, რაც კი ოდესმე მინახავს. ის, რომ მაშინ მხოლოდ ქულა ავიღეთ, ჰარტის დამსახურებაა, რადგან მაშინ მან საკუთარი გუნდი 4-5 მომენტში იხსნა უეჭველი გოლისგან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა: კიდევ სამი გაირკვა: გერმანია, ბელგია და შვეიცარია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული