ოტმარ ჰიტცფელდი ფეხბურთიდან მიდის!

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა ოტმარ ჰიტცფელდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულება და პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. 64 წლის სპეციალისტის თქმით, ეს მის კარიერაში ყველაზე რთული და გულდასაწყვეტი, მაგრამ უკვე აუცილებლად მისაღები გადაწყვეტილებაა.

ცნობა იმის შესახებ, რომ "გენერალი" პენსიაზე გადის, 17 ოქტომბერს შვეიცარიის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა. ჰიტცფელდი შვეიცარიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე 2008 წლიდან მუშაობს და კონტრაქტი სწორედ ზაფხულში, მუნდიალის შემდეგ უმთავრდება.

ჰიტცფელდის ხელში შვეიცარიის ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-7 ადგილამდე აღზევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე ოტმარის
გუნდი, რომელიც 16 თვეა, არ დამარცხებულა, განთესილებს შორის პირველ კალათაში იქნება. მუნდიალის შემდეგ კი "გენერალი" 30-წლიან სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს და პენსიაზე 65 წლის ასაკში გავა.

"ჰიტცფელდის წასვლა ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ოტმარის ხელში შვეიცარიის ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და მუნდიალის ფინალური ეტაპის წილისყრაზე პირველ კალათაში იქნება, რისთვისაც ჰიტცფელდს მთელმა შვეიცარიამ მადლობა უნდა უთხრას," - ეს შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ პეტერ გილიერონის სიტყვებია.

მიუხედავად ნაადრევად გამოცხადებული წასვლისა, ჰიტცფელდს მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი გეგმები აქვს: "არ მინდა, რომ ძალიან ხმამაღალი განცხადება გამომივიდეს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ - "ბაიერნიდან" წამოსვლის შესახებ განცხადება 2007 წლის დეკემბერში გავაკეთე და იმ სეზონში გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ," - უთხრა ჰიტცფელდმა ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ ოტმარმა შვეიცარიის ეროვნული გუნდი 2008 წლის ივლისში ჩაიბარა და ამ თანამდებობაზე კობი კუნი შეცვალა. მას მერე შვეიცარიელებმა 2010 წლის მუნდიალზე იასპარეზეს, მომავალ ზაფხულს კი ბრაზილიაში ითამაშებენ. ჰიტცფელდის ხელში შვეიცარიის ნაკრებმა 53 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 1.79 ქულას აგროვებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოტმარი შვეიცარიელთა ყველა დროის ყველაზე წარმატებული დამრიგებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოტმარ ჰიტცფელდი: ამიერიდან "ბაიერნი" "ბარსელონას" ყოველი 10 თამაშიდან 8-ს მოუგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული