საბერძნეთი-რუმინეთი 3:1: სერიოზული უპირატესობა

AutoSharing Option
საბერძნეთის და რუმინეთის წყვილი ბევრს ყველაზე მოსაწყენად მიაჩნდა, მაგრამ პირეოსში გამართული მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ შინაარსიანი და რაც მთავარია, უხვგოლიანი გამოვიდა. პირველ 20 წუთში მაყურებელმა სამი გოლი იხილა - მე-14 წუთზე ანგარიში "საშინაო არენაზე" მოთამაშე კოსტას მიტროღლუმ გახსნა, რომელმაც დიმიტრიოს სალპინგიდისის პასით ისარგებლა და ამ შესარჩევში თავისი მხოლოდ მესამე გოლი გაიტანა, ზოგადად კი "ოლიმპიაკოსის" ფორვარდმა ეროვნულ გუნდში თავი მე-6-ედ გამოიჩინა.

ფერნანდო სანტუშის გუნდის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს: ბოლო 6 შეხვედრაში (5 შესარჩევი ეტაპის, 1 ამხანაგური) ბერძნებს
კარი მშრალად ჰქონდათ შენახული, მაგრამ "ვლახებმა" წონასწორობა საკმაოდ მალე, ზუსტად 5 წუთში აღადგინეს - ბოგდან სტანჩუმ ორესტის კარნეზისს შანსი არ დაუტოვა. "სტიაუას" შემტევის გოლიდან რამდენიმე წამში კი უკვე მასპინძლები ზეიმობდნენ - სალპინგიდისმა ამჯერად თავად გაიტანა და ბერძნები კვლავ წინ გაიყვანა - 2:1.

მეორე ტაიმში მაყურებელმა უფრო მეტი ბრძოლა იხილა, რაც ყვითელ ბარათებშიც აისახა, ცვლილებაზე შემოსულმა კონსტანტინ ლაზარმა კი სულაც ორი გაფრთხილება დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი იმავე მიტროღლუმ დააფიქსირა, რომელმაც კოსტას კაცურანისის გადაცემა შეირგო - 3:1.

ერთი შეხედვით, საპასუხო შეხვედრის წინ, რუმინელები მუნდიალზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ, მაგრამ ბერძნების დამარცხება, მითუმეტეს ორბურთიანი სხვაობით, რომ ძალიან რთულია ამაზე სტატისტიკაც მოწმობს - ელინებმა უკანასკნელი 7 მატჩი მოიგეს, ამხანაგურების ჩათვლით გამართულ ბოლო 15 შეხვედრაში კი მარცხი მხოლოდ ერთხელ (ბოსნიასთან) განიცადეს.

საბერძნეთი-რუმინეთი 3:1
გოლები: 1:0 მიტროღლუ (14), 1:1 სტანჩუ (19), 2:1 სალპინგიდისი (20), 3:1 მიტროღლუ (66)
საბერძნეთი (4-3-2-1): კარნეზისი - ჰოლებასი, პაპასტატოპულოსი, ტოროსიდისი, მანიატისი (77. კარაგუნისი) - ციოლისი, სიოვასი, კაცურანისი (86. სამარისი) - მიტროღლუ (80. გეკასი), სალპინგიდისი - სამარასი
რუმინეთი (4-4-2): ლობონტი - გარდოში, გოიანი, რაცი, მატელი - ტანასე (87. მაქსიმი), კოჩიში, ბურჩეანუ (74. ლაზარი), ტორიე (75. გროზავი) - სტანჩუ, მარიკა
გაფრთხილება: სიოვასი, კაცურანისი - ბურჩეანუ, კოჩიში, გოიანი, ლაზარი, რაცი
გაძევება: ლაზარი (90. რუმინეთი)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-7 (5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 32 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული