"არწივები" მეხუთედ
პირველ სამ წყვილში კი გამარჯვება და მუნდიალის საგზური ნიგერიამ, კოტ დივუარმა და კამერუნმა მოიპოვეს. ნიგერიელებს ყველაზე სუსტი და გამოუცდელი მეტოქე ჰყავდათ, რომელსაც ორივე შეხვედრაში სძლიეს.
ეთიოპიაში გამარჯვების შემდეგ სტივენ კეშის შეგირდებმა საშინაო შეხვედრაშიც უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს და მე-20 წუთზე ვიქტორ მოზესის მიერ რეალიზებული პენალტით დაწინაურდნენ კიდეც. ამ გოლმა წყვილში, პრაქტიკულად, ყველაფერი
მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 1:4 წააგო, ეთიოპიელთა მწვრთნელმა სიუნეტ ბიშოუმ მარცხი არბიტრს დააბრალა:
"სტივენ კეშის უდიდეს პატივს ვცემ. მას ძალიან ძლიერი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ დღეს არბიტრის მიკერძოების გამო წავაგეთ. პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მან მასპინძელთა კარში ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა, შემდეგ კი ნიგერიელები გამოგონილი 11-მეტრიანით დააჯილდოვა," - განაცხადა ბიშოუმ მატჩის შემდეგ.
"სუპერ არწივებმა" მუნდიალის საგზური მეხუთედ მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ 1994 წლიდან მოყოლებული, როდესაც ნიგერიამ მუნდიალზე პირველად იასპარეზა, ამ გუნდმა მხოლოდ ერთი, 2006 წლის ჩემპიონატი გამოტოვა.
ზედიზედ მესამედ
მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს კოტ დივუარი, რომელსაც სენეგალის სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა. პირველ შეხვედრაში დროგბამ და კომპანიამ 3:1 იმარჯვეს, საპასუხო მატჩში კი დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში 0:0 იყო, თუმცა მუსა სოუს მოედანზე გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა - ალენ ჟირესის შეგირდებმა გაცილებით აქტიურად შეუტიეს და 77-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს.
ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად მასპინძლებს კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ. ბოლო წუთებზე სენეგალი მთელი გუნდით შეტევაში გადავიდა და კინაღამ გაიტანა - "გენკის" მცველმა კარა მბოჯიმ რეალური შანსი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც დაუწერელი კანონი ამოქმედდა და სენეგალმა გოლი აქეთ გაუშვა - სალომონ კალუმ 94-ე წუთზე გაიტანა.
1:1 და ორი ფრანგის, ჟირესის და საბრი ლამუშის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
მუნდიალზე ეტო'ოც მიდის
მუნდიალზე ვიხილავთ ფოლკერ ფინკესაც. "ფრაიბურგის" ყოფილმა დამრიგებელმა, რომელიც თავის დროზე კინაღამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც გახდა, რუუდ კროლის მიერ გაწვრთნილი ტუნისი დაამარცხა. "ლომების" რიგებში არ გაუტანია სამუელ ეტო'ოს.
სამაგიეროდ, თავის გამოჩენა მისმა პარტნიორმა პიერ ვებომ შეძლო, მეორე გოლი კი მუკანჯომ გაიტანა. მეორე ტაიმში სიტუაცია აჰმედ აკაჩის გოლმა დაძაბა - მუნდიალზე გასასვლელად ტუნისს მხოლოდ ერთი ბურთი სჭირდებოდა, მაგრამ მასპინძლებს მხსნელად ჟან მაკუნი მოევლინა. "რენის" ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და კამერუნი ისტორიაში მეშვიდე მუნდიალზე გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფეხბურთელს ნაკრებში სულ 3 გოლი ჰქონდა გატანილი, დუბლი კი კარიერის განმავლობაში სულ ორჯერ, 2009 წელს ჰქონდა შესრულებული, როდესაც ჯერ კიდევ "ლიონის" რიგებში ირჯებოდა.
დარჩენილი ორი მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ცნობილ ტრიოს განაც შეუერთდება; აი, ალჟირის და ბურკინა ფასოს წყვილში გარკვეული ჯერ არაფერია. გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ალჟირი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ (1982, 1986, 2010) ითამაშებს, ბურკინა ფასო კი ტურნირის დებიუტანტი იქნება.
აფრიკა. პლეი ოფი
ნიგერია-ეთიოპია 2:0 (2:1)
გოლები: 1:0 მოზესი (20-პენ), 2:0 ობინა (82)
სენეგალი-კოტ დივუარი 1:1 (1:3)
გოლები: 1:0 სოუ (77-პენ), 1:1 კალუ (90)
კამერუნი-ტუნისი 4:1 (0:0)
გოლები: 1:0 ვებო (4), 2:0 მუკანჯო (30), 2:1 აკაიჩი (51), 3:1 მაკუნი (66), 4:1 მაკუნი (86)
19 ნოემბერი
ალჟირი-ბურკინა ფასო (2:3)
ეგვიპტე-განა (1:6)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კოტ დივუარმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მესამეჯერ მოიპოვა