უცნაური წელი იყო - ინტერვიუ ლიონელ მესისთან

AutoSharing Option
ლიონელ მესი დაბრუნდა! წლის ბოლოს 26 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა, თუმცა 16 იანვარს "ხეტაფესთან" მატჩშივე დაამტკიცა, რომ მისი "მკვლელის ინსტინქტი" არსად დაკარგულა.

მადრიდულ კლუბთან სათასო მატჩში მან ჯადოსნური გოლი გაიტანა და ყველას აგრძნობინა, რომ პრობლემები უკან მოიტოვა.

მანამდე სამი დღით ადრე კი ლეომ წლის პირველი მარცხი განიცადა, ციურიხში ზედიზედ მეხუთე "ოქროს ბურთისთვის" გაემგზავრა, მაგრამ ამჯერად როსარიოელს სხვა ამჯობინეს.

სწორედ იქ შედგა მესის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც ფიფას ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

- 2013 წელი თქვენთვის არაერთგვაროვანი იყო -
ერთი მხრივ, მოიგეთ ლა ლიგა და ესპანეთის თასი, ინდივიდუალურად გაიბრწყინეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ტრავმებმა გაგტანჯათ და ორჯერ საკმაოდ დიდი დროც გამოგატოვებინეს...
- დიახ, ცოტა უცნაური წელიწადი იყო. ბრწყინვალე ფორმაში ვიყავი, მაგრამ აი, ტრავმებმა მართლა ხელი შემიშალეს - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის 100%-ით მზად არ ვიყავი, გამოვტოვე სეზონის დასაწყისის მცირე მონაკვეთიც, ბოლოს კი უფრო სერიოზული ტრავმა მქონდა. დიახ, ტრავმები 2013 წელს ჩემს კარიერაში ერთადერთი უარყოფითი მხარე იყო.

- მწვრთნელები, რომელთაც თქვენთან უმუშავიათ, ორ რამეზე თანხმდებიან: როგორი ნიჭიერი ხართ და როგორ გძულთ უთამაშებლობა. როგორ გაძელით ამდენი კვირა ტრიბუნაზე?
- ძნელი იყო, სიმართლე ითქვას, ძალიან ძნელი გადასატანი იყო. კიდევ კარგი, არგენტინაში წასვლა შევძელი, ცოტა მოვწყდი ჩვეულ გარემოს და ამოვისუნთქე. სამშობლოში გატარებულმა დრომ შვება მომგვარა. ამ ორი თვის განმავლობაში დავისვენე კიდევაც. ხომ ხედავთ, ვცდილობ, პოზიტიური მხარით დავინახო უარყოფითი მოვლენა.

- როგორც კი შეძელით, როსარიოში ჩახვედით. რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური ქალაქი?
- ის ყველაფერია ჩემთვის: იქ არიან ჩემი მეგობრები, იქ არის ჩემი ოჯახი... მხოლოდ ის, რომ საკუთარ სახლში ვიყავი, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. თან ამდენი ხნის მონატრებული ვიყავი.

- ქუჩაში სეირნობის შანსი თუ გაქვთ?
- დიახ, ისევე, როგორც ბარსელონაში (იცინის). რა თქმა უნდა, ამ სიამოვნებას მოკლებული ვარ. სახლიდან სახლში დავდიოდი, ქუჩაში სასეირნოდ საუკუნეა, არ (ვერ) გავსულვარ.

- "ბარსელონას" თამაშებს ტელევიზიით რომ უყურებთ, ნერვიულობთ?
- დიახ, როცა ვუყურებ თამაშს, გაცილებით დაძაბული ვარ, ვიდრე, როცა მოედანზე თავად ვარ. როცა იცი, რომ გუნდელებს ვერაფრით დაეხმარები, საშინელი შეგრძნებაა.

- ალბათ გრძნობთ, როგორ შიშობენ არგენტინის ნაკრების ფანები მუნდიალის მოახლოებასთან ერთად...
- არა, სხვათა შორის, ამ ექვსი თვის განმავლობაში სასურველ ფორმაში შევალ და მუნდიალზე ყველაფრისთვის მზად ვიქნები. თუმცა ფანების განწყობის შესახებ ბევრი არ ვიცი, რადგან ძირითადად, ჩემი აღდგენითი პროცესით ვიყავი დაკავებული.

- ეთანხმებით აზრს, რომ მუნდიალის წელი ყოველთვის განსაკუთრებულია ფეხბურთელის ცხოვრებაში?
- რა თქმა უნდა. ჯერ კი დარჩა რამდენიმე თვე და შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ მალე ყველაფერი ახმაურდება. თუმცა მანამდე ბევრი საქმე გვაქვს: ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, კოპა დელ რეი - ყველაფერი საბრძოლველია. თუმცა გამოგიტყდებით, ყველა ჩვენგანის ფიქრები მაინც უკვე მომავალ მუნდიალზეა.

- არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ფავორიტთა შორის განიხილება. თუ გისაუბრიათ ამის შესახებ ნაკრებში?
- დიახ, მართალია - ჩვენ ფავორიტებს შორის ვართ, შესანიშნავ ფორმაში ვართ და რატომ არ უნდა მივაღწიოთ წარმატებას?! ყველაფერი მას მერე გამოსწორდა, რაც კოლუმბიის ნაკრებს შესარჩევში სტუმრად მოვუგეთ. ეს იყო გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენი ნაკრებისთვის. არგენტინას დიდებული შემადგენლობა ჰყავს. ეს მუნდიალი შეიძლება გახდეს ჩვენი, თუმცა, როცა მსოფლიოს პირველობა დაიწყება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძალიან რთული ტურნირია.

- მოდი, ვისაუბროთ ბრაზილიის ნაკრების შესახებ. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გამოგდით. რამეს ხომ არ გაიხსენებდით იმ დაპირისპირებებიდან?
- დღევანდელი დღესავით მახსოვს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი დაპირისპირება. ეს იყო 2005 წელს ჰოლანდიაში. ნახევარფინალში შევხვდით და 2:1 დავამარცხეთ. მე მხვდა წილად ბედნიერება, ერთი გოლი გამეტანა ამ თამაშში, ჩვენ კი ფინალში გავედით. ის ტიტული ერთ-ერთი პირველი იყო ჩემთვის, ამიტომ მახსოვს ასე კარგად.

- რის გამო არის მსოფლიოს ჩემპიონატი ასე გამორჩეული?
- მუნდიალის თამაშები სულ სხვა განზომილებიდანაა. ის ატმოსფერო, რაც ტურნირს მუდამ ახლავს, სხვა შეჯიბრებებისგან აბსოლუტურად განასხვავებს. დიახ, ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია, მაგრამ მუნდიალი - განსაკუთრებულია.

- რას იტყვით F ჯგუფზე, სადაც არგენტინის ნაკრები მოხვდა ბოსნიის, ირანის და ნიგერიის ნაკრებებთან ერთად?
- უკვე ძალიან ბევრი ილაპარაკეს, როგორ გაგვიმართლა და როგორი იოლი გზა გველის ჯგუფში, მაგრამ ეს ხომ მუნდიალია! მუნდიალზე კი სუსტი გუნდები და იოლი მატჩები არ არსებობს. ჩვენი მეტოქეები, რადგან ბრაზილიაში იასპარეზებენ, ესე იგი, თავიდან ბოლომდე დაიმსახურეს ეს.

- დაბოლოს, გვსურს დაასრულოთ წინადადება: 2014 წელი ჩემთვის იქნება...
- არ ვიცი (იცინის). მოდი, ვუსურვოთ "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებს დიდებული წელიწადი. მარტო მესისთვის არა ოღონდ...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: ჯერ კიდევ დრო მჭირდება, რომ ფორმაში შევიდე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად შეიკერე ეს ტანისამოსი ხო ვერ მიმასწავლი?????????
roini
00:18 22-01-2014
0
მესი უძლიერესი ფეხბურთელია. ახლა მესის და რონალდოს შედარებაა მოდაში იმიტორო ორივე გამორჩეული ვარსკვლავია, მაგრამ თუ ორივეს თამაშს პარალელურად დააკვირდები მიხვდები რომ მესი არის ფენომენალური მოვლენა რომელსაც ვერავისთან ვერ შეადარებ. უბრალოდ არ გამოვა იმიტორო ასეთი მონაცემები ერთს აქვს - თვითონ.
Chelseas fani
19:23 21-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული