"რასაკვირველია, არ ვთვლი, რომ ტურნირის მოგების ფავორიტები ვართ, მაგრამ არც ჩამოსაწერები გახლავართ, ამ მოსაზრებას ვერ მივიღებ. თქვენ
ეს სპეციალისტი პოსტზე 2012 წლის მაისში დაინიშნა, ევროპის ჩემპიონატამდე სულ ცოტა ხნით ადრე. ევრო 2012-ზე მისმა ნაკრებმა მეოთხედფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში წააგო. შემდეგ იყო მუნდიალის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ინგლისმა მძიმედ გაიარა და მხოლოდ 1 ქულით გაასწრო უკრაინას. მოკლედ, ჰოჯსონს ახლაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ თავად იგი მიიჩნევს, რომ ნაკრები ვითარდება.
"თავს კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც ამ ორი წლის მანძილზე ფეხბურთელებთან გავწიე. მე ბიჭების მჯერა და მიხარია, რომ ბევრი ნორჩი ტალანტი მოდის. ნელ-ნელა კიდევ უფრო უკეთ დავიჭირეთ ბალანსი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის, ეს აუცილებელია და კარგი იქნება, თუ მსგავსი დეტალების მოგვარებას შევძლებთ. იტალიასთან პირველი მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია და თუ მისი მოგება მოვახერხეთ, ეს დიდი ბონუსი იქნება.
ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ და შემართება არ დაგვაკლდება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ რაიმეს სურვილი არ არის იმის გარანტია, რომ მიზანს მიაღწევ. მეტოქეებიც იაზრებენ თითოეული მატჩის მნიშვნელობას მათთვის და მათი გულშემატკივრებისთვის და ისინიც ანალოგიურად ემზადებიან" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონის ამალა პირველ შეხვედრას იტალიასთან 14 ივნისს მანაუსში გამართავს და ინგლისელთა დამრიგებელი სწორედ ამ ქალაქს ეწვია ატმოსფეროს ასათვისებლად და ეს კომენტარებიც ამ პერიოდში გააკეთა. ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ინგლისელებს 19 ივნისს სან პაულუში ურუგვაისთან აქვთ, ხოლო მესამე 24 ივნისს ბელუ ორიზონტეში, კოსტა რიკასთან.
ჰოჯსონი უსაფრთხოების თემასაც შეეხო. მოგეხსენებათ, ბრაზილიაში კრიმინალის არც ისე დაბალი მაჩვენებელია და ქვეყანაში ამ მხრივ იდეალური მდგომარეობა არ არის. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი სიღარიბის დაძლევისკენ გადადგმულ მკვეთრ ნაბიჯებს ითხოვს და ბრაზილიაში ასეთი ფორუმების ჩატარებას თან ეწინააღმდეგება და თან პრობლემების საჯაროდ გამოსამზეურებლად იყენებს.
საპროტესტო აქციები იყო კონფედერაციათა თასის დროსაც და ალბათ, გაგრძელდება მუნდიალის ჩათვლითაც. ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ფიფას დედლაინისთვის, ანუ 31 დეკემბრისთვის 6 სტადიონი კიდევ არ იყო მზად. თუმცა ჰოჯსონს სჯერა, რომ ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატს ზედმეტი პრობლემების გარეშე, წარმატებულად უმასპინძლებს და პარალელურად, როგორც გუნდის, ასევე ფანების უსაფრთხოება დაცული იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"