თბილისის "არმია": ლიდერებში დაბრუნება?

AutoSharing Option
თბილისის "არმია" ქართულ რაგბიში გამოჩენისთანავე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. გუნდი კარგად ორგანიზებული, დალაგებული და მოვლილი იყო. ეს იქამდე, სანამ თავდაცვის სამინისტრო პატრონობდა...

ბოლო წლებში არმიელთა "აქციები" დაეცა. შარშან გუნდი პლეი ოფშიც ვერ მოხვდა. მომავალი სეზონის წინ კი "არმია" რამდენიმე მორაგბემ დატოვა. მათ შორის გასული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მექულემ, შუამარბმა ბექა ურჯუკაშვილმა, რომელიც "ბათუმში" გადავიდა. ის კარშიც შესანიშნავად ურტყამს და შეტევებშიც აგრესიული და სახიფათოა.

გორის "ჯიქში" განაგრძობენ კარიერას კიდევ ერთი შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე და შერკინების ბურჯი მიხეილ ფსუტური. საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრების კაპიტანმა, მესამეხაზელმა ილია სპანდერაშვილმა მარნეულის "არმაზში" გადაწყვიტა გადასვლა. მეორეხაზელმა ლაშა აზალაძემ კი, რუმინეთს მიაშურა.

შევსება "არმიამ" პირველ ლიგაში დაქვეითებული ბოლნისის "ყოჩებიდან" მიიღო. ამ გუნდიდან ამიერიდან არმიელთა რიგებში გაირჯებიან მესამეხაზელები, ნიკო აფციაური და ნიკა ჩხიკვაძე, შუამარბი გიორგი ხარშილაძე და გარემარბი ნიკა ცირეკიძე.

"მართალია, რამდენიმე კარგმა მოთამაშემ დაგვტოვა, მაგრამ ბოლნისის "ყოჩებიდან" სერიოზული შევსება მივიღეთ და ახალ სეზონს გაძლიერებული ვხვდებით", - განაცხადა "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო ჭავჭავაძემ rugby.ge-სთან საუბრისას.

"არმიამ" საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადება ყველაზე გვიან, 10 აგვისტოს დაიწყო. გუნდმა საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. პირველი ეტაპი, როგორც წესია, ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაეთმო. მერე ბურთით ვარჯიშის პარალელურად პირველ ლიგელთან, კიკეთის "იუნკრებთან" გამართა საწვრთნელი შეკრება.

"მიუხედავად იმისა, რომ მზადება გვიან დავიწყეთ, ჩემპიონატს კარგ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით. ფიზმომზადებას კი რაგბიში წამყვანი ადგილი უჭირავს. მიზანი საპლეიოფო ექვსეულში შესვლაა, დანარჩენს ჩემპიონატის მსვლელობა დაგვანახებს. ვეცდებით, მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ". - თქვა ჭავჭავაძემ.

"არმია" ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს 3 სექტემბერს თბილისის "აკადემიის" წინააღმდეგ გამართავს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე".

არმიას განაცხადი
შერკინება: ნიკო აფციაური, მიხეილ ზურიკაშვილი, თორნიკე გოგლიძე, სოლომონ ქარუხნიშვილი, დავით დაუშვილი, ბექა მეკოკიშვილი, დავით გიგაური, ნიკა ჩხიკვაძე, ვასილ მახარაძე, მიხეილ კელენჯერიძე, ჯონათან პაატაშვილი, ლევან ჭავჭავაძე, ერეკლე კამლაძე, გენო ხელია, მიხეილ მასხარაშვილი, ალექსანდრე კალმახელიძე, სანდრო ქიტუაშვილი, დავით ბარბაქაძე, კახაბერ მახარაშვილი, ნიკა ჩუმაშვილი.
უკანა ხაზი: გიორგი თევზაძე, გიორგი გიგაური, გიორგი შუკაკიძე, გიორგი მიქანაძე, თედო დევიძე, შალვა დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, სანდრო ნახუცრიშვილი, გოდერძი ჭინჭარაული, გიორგი ხარშილაძე, გიორგი ჯოგლიძე, ალექსანდრე მერკვილიშვილი, დავით მესხი, შალვა მახარაშვილი, გიგი გაბუნია, ნიკა ცირეკიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული