დიდი 10. I ტური: ჩემპიონმა წაგებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო. პირველი ტურის მატჩებმა გვიჩვენა, რომ პირველობისთვის ბრძოლა დაძაბული და დაუნდობელი იქნება.

მარნეულის "არმაზმა", რომელიც წლეულს საგრძნობლად მოღონიერდა, რაც ამ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა, "შევარდენის სანაკრებო" ბაზაზე "ბათუმს" უმასპინძლა. ზღვისპირელების საქმეში ხილვა დამატებით საინტერესო იმად იყო, რომ ეს გუნდი წლეულს საქართველოს ევროთასებზე წარადგენს.

"ბათუმის" რიგებში სეზონის დაწყებამდე ბევრი ცვლილება განხორციელდა, რაც გუნდს აშკარად დაეტყო - ჯერ კიდევ აკლიათ შეთამაშება რგოლებს შორის.

"არმაზი" ისედაც მუდამ ბოლომდე მებრძოლი გუნდი იყო და ახლა, როცა რამდენიმე კარგი მოთამაშე დაიმატა, კიდევ უფრო სოლიდურად
გამოიყურება.

დაიწყო თუ არა თამაში, "არმაზი" უმალვე შეტევაში გადავიდა და მე-6 წუთზე ანგარიში ქუთაისის "ბაგრატიდან" შემატებულმა რეზო ჯინჭველაშვილმა საჯარიმოდან გახსნა - 3:0. რვა წუთში კი არმაზელთა მორიგი სწრაფი შეტევა გარემარბმა ნიკა გიგაურმა ლელოთი დაასრულა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:0.

ეს ანგარიში ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა. ბათუმელებმა მხოლოდ ბოლო წუთზეღა შეძლეს ერთი საჯარიმოთი ანგარიშის შემცირება. კარში ზუსტად ფულბეკმა ბახვა კობახიძემ დაარტყა - 3:10.

შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, თუმცა 58-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა საჯარიმოდან ათქულიანი სხვაობა აღადგინა - 13:3. საპასუხო ჯარიმის გასატანად "ბათუმს" შვიდი წუთი დასჭირდა და კობახიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 6:13.

საბოლოოდ, მატჩის გმირი სწორედ "ბათუმის" დამრტყმელი გახდა, რომელმაც 71-ე წუთზე მასპინძლებს ლელო გაუტანა და გარდასახვაც ზედ მიაყოლა - 13:13. ასე დასრულდა ეს საინტერესო შეხვედრა, რომელმაც მაინც დატოვა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.

პირველი - შესწევს თუ არა რეალურად ძალა "არმაზს", პლეი-ოფში გასვლისთვის იბრძოლოს? მეორე - შეძლებს თუ არა "ბათუმი" ღირსეულად იასპარეზოს ევროსარბიელზე.

არმაზი-ბათუმი 13:13
არმაზი (15-9): ხუციშვილი (ხურცილავა 26), გიგაური, ლიპარტელიანი (გოგლიჩიძე 78), კვესელაძე, კაიფაჯიანი, ჯინჭველაშვილი, დვალიშვილი (მამუჩარაშვილი 60). (1-8) ჯიბლაძე (თაგაური 41), ხუროშვილი (სოსელია 46), გაგნიძე (ესართია 60), ჯიმშელეიშვილი, ბარბაქაძე (ფრიდონიშვილი 66), გუგეშაშვილი, მინაშვილი, ბერაძე.
ლ: გიგაური. 2ს,გ: ჯინჭველაშვილი
ბათუმი (15-9): კობახიძე, ტუჩაშვილი, გოგიტიძე (ნინიძე 78), გრიგოლია, ტრაპაიძე, ხმალაძე, თუთბერიძე (კირინი 66). (1-8) ერისთავი (კვანტიძე 41), მამრიკიშვილი, დონაძე (გოგისვანიძე 68), მიქაძე (ბეჟანიძე 68), ქოიავა, ფუტკარაძე, ალიქაძე, ბუჯიაშვილი
ლ,2ს,გ: კობახიძე

საქართველოს ჩემპიონმა ბოლნისის "ჯიქმა" პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ რუსთავის "ხარებთან" და 21:27 დამარცხდა. რუსთავურმა გუნდმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავანა. მე-40 წუთამდე ჩემპიონები 18:0-ს იგებდნენ, პირველი ნახევარი კი 18:5 მოიგეს.

შესვენების შემდეგ "ხარები" მძლავრად ამუშავდა. ამ გუნდის სახიფათო იარაღი მოლი აღმოჩნდა. რუსთაველებმა ოთხიდან სამი ლელო სწორედ ამ ხერხის გამოყენებით შეძლეს.

როგორც ჩანს, "ხარების" მოლს სხვა გუნდებიც უნდა უფრთხოდნენ.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩემპიონს ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. რუსთაველებმა კი, რომელთა მიზანიც უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, ჩემპიონთან გამარჯვებით გაიხარეს.

ხარები-ჯიქი 27:21
ხარები: 4ლ - თეგეთაშვილი, მაჭარაშვილი(2), ქვლივიძე. 2გ - ხუციშვილი. ს - ბუჯიაშვილი.
სინბინი: მელიქიშვილი
ჯიქი: 2ლ - სუთიძე, სვანიძე. 3ს,გ - ნინიძე.
სინბინი: წიკლაური, სუხაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "ლელო" სეზონის დაწყებამდე რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, გუნდი მაინც სერიოზულ ძალად დარჩა. ამ გუნდის მგეზავის პოზიცია ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ქართველმა მორაგბემ, მერაბ კვირიკაშვილმა დაიკავა, რომელიც გუნდს უნარიანად უძღვება. "ლელომ" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა და საპრემიო ქულაც მიითვალა.

თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ მარცხის მიუხედავად, ქუთაისის "ბაგრატი" მაინც ბოლომდე იბრძოლებს, რათა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ბაგრატი-ლელო 16:31
ბაგრატი: ლ - ჩიტეიშვილი. 3ს,გ - ოდიშარია.
სინბინი: დ.ჭელიძე
ლელო: 4ლ - ახობაძე, ხეცოიძე, კვირიკაშვილი, ზამთარაძე. 4გ,ს - ყიასაშვილი.
სინბინი: ბერიაშვილი, ლორთქიფანიძე

ძველი მეტოქეების, "აიასა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება მუდამ დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში მიმდინარეობდა. ასე იყო ამჯერადაც.

რკინიგზელები პირველ ტაიმში უკეთ გაისარჯნენ და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 10:3. მეორე ნახევარში "აიამ" გარდატეხის შეტანა შეძლო, თუმცა "ლოკომოტივმა" ბოლომდე იბრძოლა. საბოლოოდ "აიამ" ერთით მეტი საჯარიმო გაიტანა და პრინციპულ მეტოქესთან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

აია-ლოკომოტივი 20:17
აია: 3ლ - აბრამიძე, ძნელაძე, ირემაძე. გ,ს - ბაბუნაშვილი
ლოკომოტივი: 3ლ - არაბული (2), კავთიძე. გ - წიკლაური.

თანაბარი ძალის გუნდების ბრძოლაში ოდნავ უკეთესად "არმია" გამოიყურებოდა, რომელმაც ინიციატივაც თავიდანვე ხელთ იგდო და ანგარიშშიც მუდმივად წინ იყო.

აკადემიელებმა მატჩის მიწურულს მედგრად გაიბრძოლეს და ერთი საპრემიო ქულის მოპოვება შეძლეს.

არმია-აკადემია 20:13
არმია: 2ლ - ჭინჭარაული, დაუშვილი. 2ს,ს - კალანდაძე. ა - ჭინჭარაული.
აკადემია: ლ - ჩადუნელი. 2ს,გ - მოძღვრიშვილი

დიდი 10. II ტური
ჯიქი-არმაზი, აკადემია-აია, ხარები-ლოკომოტივი, ლელო-არმია, ბათუმი-ბაგრატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული