ისე მოხდა, რომ ‘არმაზს’ სეზონის სტარტზე პრიზიორებთან მოუწიათ თამაში და ბრინჯაოს მედალოსან ‘ჯიქთან’ გამარჯვება მოიპოვეს, ფინალისტთან და ჩემპიონთან კი ბონუსი აიღეს.
თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ქომაგმა ლამაზი ლელოები იხილა. მთლიანობაში, მატჩის უმეტესი დრო ბურთს თბილისელები ფლობდნენ, მეტოქის ნახევარზეც მეტი დრო გაატარეს და 4 ქულა დამსახურებულად აიღეს.
შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ იერიშებით
‘არმაზმა’ საწყისი 20 წუთის შემდეგ იფეთქა, 25-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა ცენტრში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ბადრი ლიპარტელიანმა წინ წაიწია და მარჯვენა ფრთიდან შეტევაში კობა ჯიმშელეიშვილი ჩაერთო, ნიკა გიგაურმა კიდევ უფრო წინ წაიწია, ოფლოუდი ჯინჭველაშვილს ამოუგდო და საპასუხო ლელო გავიდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. 32-ე წუთზე კიდევ ერთი გუნდური, ლამაზი ლელო გავიდა. მარნეულელებმა ხელდახელ ბურთაობით და ოფლოუდებით 50 მეტრი გაიარეს, ლიპარტელიანმა იოანე იაშაღაშვილი ლელოში შეიყვანა, მაგრამ ის უკან გადმოაგდეს, მიხეილ ალანიამ ბურთი მარცხნივ სწრაფად ჩაათამაშა, გიორგი კვესელაძემ მოძრაობის მიმართულება შეცვალა და დაცვამ მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 12:7. ‘არმაზს’ უპირატესობის გაზრდის შანსი გაწითლებულ დროზე ჰქონდა, მაგრამ რთული პოზიციიდან ჯარიმა ააცილა.
მეორე ტაიმი კვლავ ‘ლოკომოტივის’ შეტევებით დაიწყო 56-ე წუთზე ჩემპიონმა მეორე ლელო გაიტანა. გიორგი ბეგაძემ შექცეული პასით ფარნავაზ გასვიანი შეიყვანა და კავთიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 67-ე წუთზე თბილისელებმა კარის წინ 10 მეტრში ჯარიმის უფლება მოიპოვეს და კავთიძე ამჯერადაც ზუსტი იყო. ‘არმაზი’ გააქტიურდა, 4 წუთში ჯინჭველაშვილმა ახლოდან საპასუხო ჯარიმა გაიტანა, სულ ბოლოს კი დაახლოებით 47 მეტრიდან სცადა საკუთარი გუნდის დაწინაურება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ‘ლოკომოტივმა’ გამარჯვებების სერია გააგრძელა, ხოლო ‘არმაზმა’ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში გვაჩუქა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით