დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
ივანე ბაკურაძეს ფოტო

გორის ‘ჯიქმა’ 21-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაყარა და ‘ბათუმს’ ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ გამარჯვების ლელოს გატანა ვეღარ მოახერხა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.

მასპინძელმა ‘ბათუმმა’ პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორეს დასაწყისში სამი გარდასახული ლელო გაიტანა, რითაც გამარჯვებისთვის სამყოფი უპირატესობა მოიპოვა.

თამაში სწორედ ზღვისპირელების შეტევებით დაიწყო, თუმცა ‘ჯიქი’ თავს კარგად იცავდა. ლელოს გატანა ვერ მოახერხეს, მაგრამ ‘ბათუმმა’ ორი ჯარიმა გამოიმუშავა და მამუკა ნინიძეს პირველი გაუცუდდა, მეორე კი ზუსტი აღმოჩნდა. მალე თამაში გათანაბრდა, ახლა უკვე ‘ბათუმი’ დაჯარიმდა და ირაკლი სვანიძემ
წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე მას კარის წინ 22 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა.

ტაიმის მიწურულს სტუმრებმა 10 წუთით რობერტ სუთიძე დაკარგეს და ამით ‘ბათუმმა’ ისარგებლა. მათ დერეფნიდან შეუტიეს, სანდრო თოდუამ ხაზი გაჭრა, ბურთი ანზორ სიჭინავას ამოუგდო და ის მცველებს შორის გაძვრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა ხმალაძემ მეტოქის ზურგს უკან სივრცე შენიშნა, ბურთი ფეხით გადაკიდა და ალამთან ლელო დურმიშხან ჯაბნიძემ გაიტანა. 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი რატი ხუციშვილმაც მიიღო, გორელები 13 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ კარგი შეტევა წამოიწყეს და ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ. ‘ბათუმმა’ საპასუხო შეტევისას ბურთი ორივე ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა, სიჭინავა ხაზის გასწვრივ გაიქცა და ნინიძემ ეს რთული გარდასახვაც შეასრულა - 24:3.

‘ჯიქმა’ პირველი საპასუხო ლელო მე-60 წუთზე გაიტანა, იერიში თავისი ნახევრიდან წამოიწყო და თითქმის მთელი მოედანი გაიარა, დევი დევსურაშვილმა ფეხით ითამაშა და რატი ხუციშვილის ლელო სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახა. გორელებმა კიდევ ერთი თანმიმდევრული შეტევა წამოიწყეს, ყველა ჯერზე მოახერხეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა და გენო ხელაიამ ლელოში შეაღწია, ხოლო ფურცხვანიძემ გარდასახა.

სხვაობა 7 ქულამდე დავიდა და 75-ე წუთზე კაცნაკლული უკვე ‘ბათუმი’ დარჩა, ყვითელი ბარათი სიჭინავამ მიიღო. ფურცხვანიძემ ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ‘ჯიქმა’ დარჩენილ დროში ლელოს გატანის შანსი ვეღარ მიიღო და ‘ბათუმმა’ 24:20 იმარჯვა.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული