მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ფულბეკი სოსო მათიაშვილი, შუამარბი გიორგი კოშაძე და მორკინალი შალვა სუთიაშვილი, ბორჯღალოსნების კართს 2018 წელს პირველად მოირგებენ - 3 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ.

მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა; მათიაშვილი და სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო კოშაძე მარქაფაშია.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა დედის დღეს, ‘მიხეილ მესხზე’ 18 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00).

შემადგენლობა


ორი კვირის წინ გერმანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი მორაგბე შეცვალეს. შერკინების მეორე ხაზში წელს პირველად ითამაშებს შალვა სუთიაშვილი და გუნდის კაპიტანს,
გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად, მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი თხილაიშვილი, რომელიც წელს ვიტო კოლელიშვილთან და ლაშა ლომიძესთან ერთად პირველად ითამაშებს.

წელს სასტარტოში პირველადაა ვასილ ლობჟანიძე, რომელიც წინა ორ თამაშში მარქაფიდან ჩაერთო. ტრავმა მოიშუშა და ბექა წიკლაურის ადგილს დაიკავებს სოსო მათიაშვილი. სხვა უკანახაზელებმა - ლაშა ხმალაძემ, ანზორ სიჭინავამ, გიორგი კვესელაძემ, დავით კაჭარავამ და სანდრო თოდუამ, ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე ძირითადში მესამედ იწყებენ თამაშს კვესელაძე, კაჭარავა, თოდუა, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ნემსაძე და ლაშა ლომიძე. 3 მარტს თოდუა 70-ე, ხმალაძე მე-60-ე, ხოლო ლობჟანიძე 30-ე კეპს მოიხვეჭენ.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ბადრი ალხაზიშვილი, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, რომელსაც ოფენბახში არ უთამაშია. მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც წინა მატჩში სასტარტოში იყო. კვლავ მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, თადარიგში გადაინაცვლა წინა ორი შეხვედრის ძირითადმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, ხოლო გიორგი კოშაძე წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

ისტორია

2000 წლიდან დღემდე, ესპანეთს სტაბილურად, წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით და განვლილი 18 რკენიდან მეტოქეს 14-ჯერ მოვუგეთ, ერთხელ ფრეს დავჯერდით და სამი მატჩი დავთმეთ - ბოლოს 2012 წელს (18:25). შინ და გარეთ 9-9 შეხვედრა გაიმართა და ‘ლომებს’ (Los Leones) შინ ყველა თამაში მოვუგეთ: ყველაზე მცირე სხვაობა 2008 წელს დაფიქსირდა (22:20), ხოლო სარეკორდო - 2011 წელს (60:0). განვლილ 18 თამაშში მივიღეთ 28 ლელო და გავუტანეთ 50-ით მეტი - 78, ხოლო ქულათა ბალანსი 567:270-ზეა.

ბორჯღალოსნებიდან ესპანეთს ყველაზე მეტჯერ - 12 - ეთამაშა დავით კაჭარავა (10 მოგება - 2 წაგება).

შემდეგ მოდიან მერაბ კვირიკაშვილი 11 (9-2); ირაკლი აბუსერიძე 10 (8-2); გიორგი ჩხაიძე 9 (8-1) და თედო ზიბზიბაძე 9 (7-1*1); გიორგი ნემსაძე 8 (6-2) და ილია ზედგინიძე 8 (6-1*1).

ქულებით ლიდერია კვირიკაშვილი - 11 მატჩში 2ლ 18გ 14ჯ 1ა = 91 ქულა.

ლომები 7 მატჩში 7-ჯერ დაალელოვა მამუკა გორგოძემ! კაჭარავასა და თამაზ მჭედლიძის ანგარიშზეა 4-4 ლელო, სამ-სამი კი გაუტანია ხუთს: ბესიკ ხამაშურიძეს, დიმა ბასილაიას, გია ლაბაძეს, მახო ურჯუკაშვილსა და ზიბზიბაძეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
თაზო მჭედლიძეს რატომ აღარ უძახის ჩვენი მელიტონა იცის ვინმემ?
Kako
02:39 02-03-2018
0
თამაზ მჭედლიძე რატომ არ სჩანს?
შოთა
09:17 02-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული