ფიჯის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ ვარსკვლავებს უხმო

AutoSharing Option
16 ივნისს, ჩვენი დროით დილის 7 საათზე, ფიჯი საქართველოს "წყნარი ოკეანის თასის" გადამწყვეტ მატჩში ვარსკვლავური შემადგენლობით დაუხვდება.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ხაზი, სადაც ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ფიჯის ნაკრებში დებიუტი ექნება "ტულონელ" ვარსკვლავს სემი რადრადრას. მის გარდა ხაზში არიან ევროპის წამყვანი კლუბების მოთამაშეები - ნემანი ნადოლო, კინი მურუმურივალუ, ვერენიკი გონევა და იალე ვატუბუა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკქი ფიქრობს, რომ მათი ხაზის მოთამაშეები ამ მატჩში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ:

"სათადარიგოთა სკამიდან ნემანია ნადოლოსა და ნაგუსას ჩართვა, ჩვენს თამაშს ცეცხლს შემატებს. სასიხარულოა რადრადრას ფიჯის ნაკრებში
გამოჩენა. ის შესანიშნავ ფორმაშია და ეს ინგლისის წინააღმდეგ, "ბარბაროსების" შემადგენლობაში თამაშისასაც დაამტკიცა. მისი სიჩქარეები და უნარები შაბათს დიდ სარგებელს მოგვიტანს" - ამბობს მაკქი, რომელმაც კარგად იცის, რომ ფორვარდებს ქართველ მორკინალებთან უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევთ:

"ჩვენი მორკინალების წინაშე ურთულესი ამოცანა დგას. ჩვენ უნდა შევძლოთ მეტოქის ფიზიკური ძალის განეიტრალება და ჩვენი თამაშის თავს მოხვევა. უდიდესი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველო შეძლებს ჩვენს წნეხში მოქცევას. ერთი ყვითელი ბარათიც კი, ბევრი ყვითელი ბარათის ტოლფასი იქნება. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც საკუთარ გეგმას მთელი 80 წუთი მიყვება. ვარჯიშებზე ინტენსივობის შესამჩნევი მატება გვქონდა და კომბინაციების დამუშავების მხრივაც, სულ სხვა დონეზე ავედით".

გარდა ხაზის მოთამაშეებისა, ფიჯელებს ვარსკვლავები შერკინებაშიც არ აკლიათ. ახლახანს, პარიზული "რასინგის" მეორეხაზელი ლეონე ნაკარავა, რომელიც 2016 წელს ფიჯის 7-კაცასთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ევროპის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. გასულ სეზონში მან "რასინგის" შემადგენლობაში ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე - 2536 წუთი; სეზონის 34 მატჩიდან 32-ში მიიღო მონაწილეობა და 8 ლელო გაიტანა. 30 წლის მორაგბე პირველი არაევროპელია, რომელიც "ბებერი კონტინენტის" წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

15-კაციან სასტარტო შემადგენლობაში, ფიჯელებს 8 ლეგიონერი ფრანგული კლუბებიდან ყავთ, 4 ინგლისიდან, თითო-თითო შოტლანდიიდან და რუმინეთი. მხოლოდ ერთი მორაგბე, კვაჭი ვუგაკოტო თამაშობს ადგილობრივ კლუბში. ის შარშან ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსე განსჯის.

ისტორიიდან

ფიჯის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო თამაში 1924 წელს ჩაატარა და სამოა 6:0 დაამარცხა. მან მხოლოდ 1995 წლის მსოფლიო თასი გამოტოვა და განვლილ 7 ტურნირში ორჯერ გავიდა მეოთხედფინალში - 1987 და 2007 წლებში. 2019 წლის მსოფლიო თასზე, ფიჯი "დ" ჯგუფში საქართველოსთან, ავსტრალიასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

ფიჯელები ხშირად თამაშობენ ტიერ1-ის გუნდებთან და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვეს. მათ 2-ჯერ ყავთ დამარცხებული ავსტრალია და შოტლანდია, ერთხელ არგენტინა, უელსი და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები, 7-ჯერ "მაორი ოლ ბლექსი" და 6-ჯერ იტალია. 2017 წლის ივნისის ტესტებზე კუნძულელებმა ერთმანეთის მიყოლებით, იტალიას და შოტლანდიას სძლიეს.

"წყნარი ოკეანის თასზე", რომელიც 2006 წლიდან იმართება და რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ფიჯიმ პირველი ადგილი 4-ჯერ დაიკავა და 2015 წლიდან დღემდე, ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონია.

საქართველოს ნაკრები ფიჯის პირველად 2012 წელს, თბილისში ეთამაშა და სტუმრებმა "მიხეილ მესხზე" 24:19 იმარჯვეს. რევანში შარშანწინ შედგა, როდესაც ბორჯღალოსნებმა მეტოქე სუვაში დაამარცხეს - 14:3.

ფიჯი საქართველოს წინააღმდეგ

ხაზი: 15. კინი მურუმურივალუ (ლა როშელი, საფრანგეთი), 14. ვერენიკი გონევა (ნიუკასლი, ინგლისი), 13. სემი რადრადრა (ტულონი, საფრანგეთი), 12. იალე ვატუბუა (პო, საფრანგეთი), 11. ნემანი ნადოლო (მონპელიე, საფრანგეთი), 10. ბენ ვოლავოლა (ბორდო, საფრანგეთი), 9. ჰენრი სენილოლი (ტიმიშოარა-სარასენსი, რუმინეთი);

შერკინება: 1. კამპესე მა"აფუ (ილინგი, ინგლისი), 2. რატუ ვერე ვუგაკოტო (ნადროგა, ფიჯი), 3. მანასა საულო (ლონდონ აირიში, ინგლისი), 4. აპი რატუიანირავა (ნორსჰემპტონი, ინგლისი), 5. ლეონე ნაკარავა (რასინგი, საფრანგეთი), 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ (ბრივი, საფრანგეთი), 7. აკაპუსი ქერა (აჟენი, საფრანგეთი, კაპ.), 8. ვილიამე მატა (ედინბურგი, შოტლანდია).

მარქაფა: 16. რატუნაისა ნავუმა (დრუა, ფიჯი), 17. ერონი მავი (დრუა, ფიჯი), 18. კალივატი ტავაკე (ვორათაზი, ავსტრალია), 19. სიკელი ნაბუ (ბიარიცი, საფრანგეთი), 20. ნემანი ნაგუსა (ორიაკი, საფრანგეთი), 21. ფრენკ ლომანი (დრუა, ფიჯი), 22. ალივერეტი ვეიტოკანი (ნამოსი, ფიჯი), 23. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე, საფრანგეთი).

alt5 ცვლილება - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან მატჩისთვის ცნობილია


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ჯიგრებმა საქართველოსთან რთული თამაში გველის მარა ყველაზე რთულ მეტოქედ სამოას ვასახელებთო. მოთამაშეებით კი ჩვენთვის უფრო ემზადებიან. წარმატებები ლელოელებს
გიორგი
06:50 15-06-2018
0
საქართველოს გამარჯვება
dudu
15:16 15-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული