"მნიშვნელოვანია როგორ წარვდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრების წინაშე"

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნებმა" და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ხვალინდელი მატჩის წინ ავჭალის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა "ავჭალაზე" 17 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ლიდერი გუნდები ეთამაშებიან. ერთი კვირის წინ ჩვენმა გუნდმა რუმინეთს კლუჟში 18:9 მოუგო, ხოლო ესპანეთმა რუსეთს უმასპინძლა და 16:14 დაამარცხა.

ვარჯიშებს შორის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

სიტყვა პირველად სტუმართა თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა აიღო, რომელიც აქცენტს 2023 წლის მსოფლიო თასზე აკეთებს:

"საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა
ჩვენ ვეცდებით, რომ მათაც შევუქმნათ პრობლემები. დარწმუნებული ვარ ხვალინდელი თამაშიც რთული გამოვა. ჩვენ გრძელვადიანი გათვლა გვაქვს, აქცენტს მომავალ მსოფლიო თასზე ვაკეთებთ და გუნდში ახალი, ახალგაზრდა მოთამაშეები მრავლად გვყავს".

საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა მილტონ ჰეიგმა:

"თუ გადავხედავთ ესპანეთთან წინა წლებში გამართულ მატჩებს, ადვილი შეხვედრა არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ამჯერადაც. ამ კამპანიის პერიოდში პირველ საშინაო მატჩს ვატარებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ წარვდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრების წინაშე".

ქართულ შერკინებას უფრთხის "ლომების" კაპიტანი ფერნანდო ლოპესი:

"ხვალ რთული თამაში გველოდება. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, განსაკუთრებით მათი შერკინება".

"მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარს" საუკეთესო თამაშს პირდება ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე:

"არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, რომ როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, დამატებითი მოტივაცია აღარ გჭირდება, მაგრამ როდესაც სახლში გვაქვს თამაში, ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. როგორც ლეგენდარულმა მოთამაშემ მამუკა გორგოძემ თქვა, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, ისინი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ და ვეცდებით საუკეთესო თამაშით სიამოვნება მივანიჭოთ. ესპანეთს სწრაფი, კარგი გუნდი ყავს. ბოლო სამი წელი მათთან იოლი თამაში არასდროს გვქონია და ხვალაც კარგ თამაშს ველოდებით".

ჰეიგს ტრავმირებული მოთამაშეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხეს, რაზეც მან უპასუხა:

"ყველა ის მოთამაშე, რომელიც პირველი კამპანიის ბოლო თამაშს ჩაატარებს, ჯანმრთელადაა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ტრავმები მერაბ შარიქაძემ და გელა აფრასიძემ მიიღეს - პირველი ვარჯიშზე, ხოლო მეორე რუმინეთთან თამაშისას დაშავდა. ახლა თავს ორივე კარგად გრძნობს, თუმცა სამედიცინო პროტოკოლი მათ დასვენებას გვავალდებულებს".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
განვმეორდები-- ეს რუსულის კალკია და ქართულად იქნება ,, გავიმეორებ."'
status quo
15:11 16-02-2019
3
მამუკა გორგოძე - ლეგენდარული!!!
უზუსტესი შედარებაა!!!
(ოღონდ არ შეიძლება მისი უთავბოლოთ ხშირი ხმარება.)
ჯონდო
22:53 16-02-2019
0

სიახლეები პოპულარული