ბელგია VS საქართველო - ბელგიასთან ისეთ დონეზე ვითამაშოთ, რა დონეზეც ინგლისთან ვივარჯიშეთ

AutoSharing Option
ფოტო: Rugby.ge

დღეს 2 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს სტუმრად ბელგიასთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" ბელგიას ბრიუსელში ჩვენი დროით 19:00 დაუპირისპირდებიან, ხოლო მატჩის ხილვას "პირველ არხზე" შეძლებთ.

ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას 29:22 მოუგეს, ხოლო ორი კვირის წინ სოჭში რუსეთთან 7:64 დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს საკუთარ მოედანზე სამი თამაშია არ წაუგიათ (გერმანიასთან 69:15 და 29:22, ესპანეთთან 18:10) და სერიის გაგრძელებას გეგმავენ.

თავის მხრივ, საქართველომ პირველ ტურში რუმინეთს კლუჟში18:9 მოუგო,
ხოლო 17 თებერვალს ესპანეთს თბილისში 24:10 სძლია, ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული კი, მიჯრით ოთხი მოგება აქვს (სამოასთან 27:19 და ტონგასთან 20:9).

ბელგიასთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვაქვს. ყველაზე მეტად პირველ მატჩში, 2013 წელს გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქეს სტუმრად 17:13 ვძლიეთ. 2017 წელს ბრიუსელში მეორედ ვითამაშეთ და 31:6 ვიმარჯვეთ. თბილისში მეტოქე ორივეჯერ მშრალზე დავტოვეთ - 35:0 (2014) და 47:0 (2018). ამ ოთხ მატჩში გავიტანეთ 19 ლელო და ერთადერთი მივიღეთ - 2013 წელს, ხოლო ქულათა ბალანსი 130:19-ზეა.

ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო 15-ში 6 მორაგბე შეცვალა - 4 ხაზში და ორიც შერკინებაში:

"ვფიქრობ, ბელგიის წინააღმდეგ ძალიან კარგი შემადგენლობით ვთამაშობთ. ტრადიციულად, ის გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია. ვეცდებით პირველივე წუთებიდან ჩვენი სათამაშო გეგმის განხორციელებას შევუდგეთ და მეტოქე წნეხში მთელი 80 წუთი ვამყოფოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს სათამაშო დისციპლინა, რათა შეტევისა და დაცვის სტრუქტურებმა გამართულად იმუშაოს და თამაშს ჩვეული ფიზიკურობა და სისწრაფე შევძინოთ", - აღნიშნა ჰეიგმა.

სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი 28 მარტს, ინგლისთან ერთობლივი ორ-დღიანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ დაასახელა.

Sportall.Ge

ახალი სანაკრებო სეზონის მესამე მატჩის წინ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ინგლისთან ვარჯიშისა და ბელგიასთან გასამართი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"რაზმს, რომელიც დავასახელეთ, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გამოცდილი. ტრადიციულად რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნოემბერში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ხოლო ზოგიერთს კი, უკვე მიმდინარე კამპანიაში. აქედან გამომდინარე - კარგი ნაზავი გამოგვივიდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ინგლისთან შესანიშნავი ერთობლივი ვარჯიში გვქონდა. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ერთობლივი ვარჯიშის მეორე დღეს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფანტასტიკური! ინგლისის მწვრთნელები აცხადებდნენ, რომ მათმა გუნდმა აშკარად ისეთივე ფასდაუდებელი შედეგი მიიღო, როგორიც ჩვენმა. ასეთი რამის მოსმენა ისეთი ხალხისგან როგორებიც ედი ჯოუნზი, ჯონ მიჩელი და სკოთ ვეისმენთელი არიან, ბევრ რამეს ნიშნავს!

ყველაფრიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ბელგიასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამის შესახებ მე ბიჭებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი კმაყოფილებიც არ უნდა ვიყოთ საკუთარი თავებითა და შესაძლებლობებით ინგლისთან ვარჯიშის შემდეგ, ბელგიასთან განსხვავებული გამოწვევა გველის. ბელგიის წინააღმდეგ ისეთ დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორ დონეზეც ვივარჯიშეთ ინგლისთან და თუ ამას მოვახერხებთ, ანგარიშს ეს თავისთავად შეეტყობა", - განაცხადა ჰეიგმა Rugby.ge-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული